skip to content
ახალი ამბები

საერთაშორისო გამოხმაურება თბილისში მომხდარ ძალადობაზე 

საერთაშორისო თანამეგობრობამ 5 ივლისს თბილისში „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარი ძალადობა და ჟურნალისტებზე თავდასხმები დაგმო და ხელისუფლებას დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და ძალადობაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მისცენ“.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა დაგმო „ჟურნალისტების და ორგანიზატორების წინააღმდეგ თბილისი პრაიდის დროს განხორციელებული მუქარა და თავდასხმები“ და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეები დაიცვას და ლგბტ+ ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევები გამოიძიოს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩი თქმით, გუშინდელმა ძალადობამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც ლგბტ პირები დგანან საქართველოში. მან საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულება შეახსენა, რათა „დაცული იყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, უზრუნველყოფილ იქნას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და დაისაჯონ თავდამსხმელები“.

„ვგმობთ იმ ძალადობრივ შეტაკებებს, რომელსაც დღეს თბილისი პრაიდის წინ ჰქონდა ადგილი და რასაც ლგბტ თემის წინააღმდეგ მუქარისა და ჟურნალისტებზე თავდასხმების შემდეგ მისი გაუქმება მოჰყვა. გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება უზრუნველყოფილი და დაცული უნდა იქნას სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ევროპის საბჭოს პრესსპიკერმა, დანიელ ჰოლთგენმა.

ეუთო/ოდირმა ასევე გამოხატა შეშფოთება ძალადობისა და პრაიდის გაუქმების გამო. „თითოეული ეს მიზანმიმართული თავდასხმა აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ სწრაფად და ზედმიწევნით უნდა იქნას გამოძიებული“, – განაცხადა მან.

„ძალადობა და მუქარა ჟურნალისტებისა და ლგბტ პირების, მათ შორის, პრაიდის წინააღმდეგ მიუღებელია“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ხელმძღვანელ პირებს და სამართალდამცველებს „იმ პირთა დაცვისკენ მოუწოდა, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკონსტიტუციო უფლებებს იყენებენ“.

„როდესაც საქართველოს ხელმძღვანელი პირები, ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციის გარანტებად იმოქმედონ, ამ თემით სპეკულირებენ და დამნაშავეებს სათანადოდ არ გმობენ, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა. „როდესაც ძალადობრივი ჯგუფი ჟურნალისტებსა და ლგბტ+ პირებს სცემს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება უყურებს ამას, ეს კანონის უზენაესობის ნგრევის სახიფათო ნიშანია“, – დასძინა მან.

Amnesty International-ის დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, დენის კრივოშეევმა განაცხადა, რომ „ნაცვლად იმისა, რომ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მომზადებულიყვნენ და მტკიცე პასუხი გაეცათ ძალადობისთვის, ხელისუფლებამ არაადეკვატურად მცირე რაოდენობის პოლიციელი განათავსა ადგილზე, რომლებიც მხოლოდ ძალადობრივ თავდასხმებზე რეაგირებდნენ და არ უზრუნველყვეს ლგბტ აქტივისტების ორგანიზებული დაცვა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button