skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, გვიან საღამოს, თბილისში მდებარე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალს“ ეწვია და ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეების მიერ დაშავებული ჟურნალისტები მოინახულა. მისი თქმით, კლინიკაში მედიის ოთხი წარმომადგენელი გადმოიყვანეს, რომელთაგან ერთი უკვე გაწერეს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა, ძალადობა დაგმო და თქვა, რომ „ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა“.

აღნიშნა რა, რომ მსგავსი ქმედებები „სრულიად მიუღებელია“, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა“.

მედიაკრიტიკის პლატფორმა „მედიაჩეკერის“ ცნობით, 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ ულტრაკონსერვატიული და ულტრამემარჯვენე ჯგუფების, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მედიის 50-მდე წარმომადგენელი დაშავდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button