skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა მიერ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე

ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ კონტრაქციის წარმომადგენლების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის წახალისებაში, რასაც არაერთი ჟურნალისტის დაშავება  და მოძრაობა „სირცხვილიას“, ასევე „თბილის პრაიდის“ ოფისებზე თავდასხმა მოჰყვა, ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაადანაშაულეს.

დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ მარშის ორგანიზების უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელთა მიზანიც საზოგადოებაში „ქაოსის“ შემოტანაა. მანვე მარშის ორგანიზატორებს „კონფრონტაციის“ თავიდან ასაცილებლად ღონისძიების რუსთაველის გამზირის ნაცვლად ალტერნატიულ სივრცეში ჩატარებისკენ მოუწოდა.

„სამოქალაქო საქართველო“ დღეს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციის შეფასებებს გთავაზობთ.

თინა ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „…პრემიერ მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც უნდა იყოს ამ ქვეყანაში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანების უფლებების დაცვის გარანტი, მთავრობის სხდომაზე პირდაპირ ახალისებს ამ ძალადობას და მათ მოუწოდებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ. ღარიბაშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ არ დაზიანდნენ ჟურნალისტები, არ დაზიანდნენ ოპერატორები, არ დაზიანდნენ მოქალაქეები და რომ ადამიანების უფლებები ამ ქვეყანაში იყოს დაცული, პრაიდის ორგანიზება დააბრალა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს და ამით პირდაპირ გაუხსნა გზა ძალადობას“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „დღეს არის უმძიმესი დღე ქართული დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისათვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ჩვენ თვალწინ არის ღია ალიანსი ივანიშვილის რეჟიმის და პროპუტინური მოძალადე ჯგუფების და ეს ხალხი ღიად გვეუბნება, რომ ისინი მხოლოდ ერთ უმცირესობის ჯგუფს კი არ უპირისპირდებიან, უპირისპირდებიან იდეას თავისუფალი საქართველოს და დასავლური არჩევანის და გვექაჩებიან პუტინისტური ჭაობისაკენ. ისინი დღეს თავს დაესხნენ აქტივისტებს… სიმბოლურად ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა… ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილის რეჟიმში და ყველა იმ პირში, განსაკუთრებით სასულიერო პირებში, ვინც რელიგიის სახელით ამ სიძულვილს და ამ არჩევანს თავს ახვევს ჩვენ ქვეყანას, პუტინისტურ არჩევანს“.

ლელო საქართველოსთვის: თბილისის ქუჩებში დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს, თავისი საჯარო განცხადებით პირდაპირ წააქეზა ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ.  ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ მომხდარს. ხელისუფლებამ დღევანდელი პოზიციით უარი თქვა კონსტიტუციური უფლებებისა და წესრიგის დაცვაზე, ეს კი – ნიშნავს ტიპიური რუსული მმართველობის მოდელის დანერგვას ქვეყანაში. ამით ხელისუფლებამ ზურგი აქცია სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ ცივილიზებულ სამყაროს, სადაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება“.

სტრატეგია აღმაშენებელი: „ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში რწმენისა და მორალის სახელით, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, არბევენ ოფისებს  – ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს თავის მოვალეობა,  უზრუნველყოს კონსტიტუციის წინაშე ყველას თანასწორობა და წესრიგი, ის ვერ სცდება თავის ვიწროპარტიულ დღის წესრიგს და თავად ახალისებს, აორგანიზებს ამ ძალადობას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button