skip to content
ახალი ამბები

ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

14-16 ივნისს მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავასა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა. იგი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მე-100 შეხვედრასაც დაესწრო.  

პრეზიდენტთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი და ეუთოს გენერალური მდივანი კონფერენცია – „ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“ – ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა მხარეებმა მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარება განიხილეს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერებისა და ფორმატის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეუთოს გენერალურმა მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ეუთოს მნიშვნელოვან ჩართულობას გაუსვეს ხაზი და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში ეუთოს როლზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა ზაზა გახელაძისა და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების საკითხის ყველა საერთაშორისო დონეზე განხილვის აუცილებლობაზე ისაუბრა, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.  

აღნიშნა რა, რომ ქვეყანა აფასებს ODIHR-ის ჩართულობას არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის „მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყანამ ODIHR-ის დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა მიიღოს“. 

ამავე ინფორმაციით, ეუთოს გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს მიერ ბაქოსა და ერევანს შორის გაწეულ მედიაციას, რის შედეგადაც სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა ტყვეობიდან.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ „მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას“ და რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შეეხო. მხარეებმა რეგიონში არსებული მდგომარეობაც განიხილეს და იმ მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი, რომელსაც „ჩვენი ქვეყანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში ასრულებს“. 

ეუთოს გენერალურ მდივანთან ჰელგა მარია შმიდთან შეხვედრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოხატა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გააქტიურების გამო, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.  

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ეუთოს გენერალურ მდივანს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესების გააქტიურების, საოკუპაციო ხაზის დაკეტვის და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, სიცოცხლის უფლების ხელყოფისა და ეთნიკური დისკრიმინაციის თაობაზე.  

დღესვე მოგვიანებით ჰელგა მარია შმიდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button