ახალი ამბები

შუქრუთელებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმების შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მკვიდრებმა, რომლებიც 100 მეტი დღის განმავლობაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვებითი სამუშაოებისას მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას აპროტესტებდნენ, 9 ივნისს კომპანიასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ შიმშილობა და საპროტესტო აქციები შეწყვიტეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შუქრუთელების მოთხოვნისამებრ მიყენებულ ზიანს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შეაფასებს. კომპანიისვე განცხადებით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენეტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. შუქრუთელები აქციის მონაწილეთა „უკანონო“ დევნის შეწყვეტასაც ითხოვდნენ. აღნიშნულის შესახებ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

შუქრუთის ერთ-ერთმა მკვიდრმა, გიორგი ნეფარიძემ, რომელმაც პროტესტისას პირი ნაწილობრივ ამოიკერა, თქვა, რომ კომპანიასთან „კონსტრუქციული დიალოგის შედეგად“ პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნების გათვალისწინებით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. „კომპანიის ჩართულობით არაერთი კარგი და კეთილი საქმის გაკეთება შეიძლება, თუ უფრო მეტი კომუნიკაცია იქნება ადგილობრივ მოსახლეობასთან“, – დაამატა მანვე.

შეთანხმებას წინ კომპანიის ხელმძღვანელობასა და შუქრუთის მკვიდრებს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები უძღვოდა. მანამდე, 3 ივნისს, „ჯორნიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ შუქრუთელების მოთხოვნის შესაბამისად, მათ ადგილობრივების ქონების საბაზრო ღირებულებისა და მათთვის მიყენებული ზიანის შეფასების მიზნით სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უკვე მიმართეს.

მოლაპარაკებებების წარმატებით დასრულებამდე, 11 მაისიდან, პროტესტის თერთმეტმა მონაწილემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, იმ მიზეზით, რომ მათი პროტესტი არც ადგილობრივ, არც ცენტრალურ ხელისუფლებას აინტერესებდა. შუქრუთელებმა 30 მაისს თბილისში გადმოინაცვლეს და პროტესტი აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს განაგრძეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button