skip to content
ახალი ამბები

ენმ-ძალა ერთობაშიას დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობას შეუდგნენ

შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ, საარჩევნო ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას დეპუტატები 8 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ და საპარლმენტო ადგილები დაიკავეს.

საკანონმდებლო ორგანოში ახლადშესული დეპუტატები დღეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას უნდა დასწრებოდნენ. თუმცა, ისინი პარლამენტში დღის მეორე ნახევარში, შესვენების დროს მივიდნენ, როდესაც მმართველ პარტიას საკითხის განხილვა სხდომაზე სწორედ მათი არყოფნის მიზეზით უკვე გადადებული ჰქონდა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში ადგილები შესვენების შემდეგ დაიკავეს. დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტში სიტყვით გამოსვლასაც გეგმავდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სხდომა განახლებიდან მალევე დაასრულა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებების შეეშინდა. „მათ არ უნდოდათ ნაციონალური მოძრაობა ეხილათ აქ“, – განაცხადა მან. „ხვალაც იქნება სხდომა, ზეგაც იქნება და როცა იქნება, კომიტეტზე იქნება, თუ საპარლამენტო სხდომაზე, მათ მოუწევთ ჩვენი მოსმენა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, გარდა ამნისტიის შესახებ კანონპროექტისა, დღეს იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვაც იგეგმებოდა, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს.

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ნიკა მელია პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავდა. „პოლიტიკური განცხადებები თუ უნდოდათ, პოლიტიკური განცხადებები იწყება ყოველ სამშაბათს 12 საათზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „პარლამენტს აქვს თავისი დღის წესრიგი“.

პარლამენტში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილება ნაციონალურმა მოძრაობამ 30 მაისს იმ ფონზე მიიღო, როდესაც ოპოზიციური პარტიების უმეტესობა, რომელთაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესული იყო. თუმცა, ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმების ხელს არ აწერს და მიზეზად შეთანხმებაში ამნისტიის შესახებ პუნქტს ასახელებს.

ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად პარლამენტში დღეს პარტია კანონი და სამართლის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანიც შევიდა, რის შედეგადაც პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სადეპუტატო მანდატების გამოყენებაზე ამ დრომდე უარს ამბობენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button