Placeholder canvas
ახალი ამბები

ფილიპ რიკერი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი 7 ივნისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს შეხვდა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან „ქვეყნის შიგნით და რეგიონში“ რუსული გავლენების ზრდაზე გაამახვილებს ყურადღებას.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტი იქნება, რომელმაც „დაძრა სრულიად ახალი თანამშრომლობის პროცესი, იმიტომ, რომ გამოიკვეთა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის გეგმა“.

ევროპული საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ შიდა პოლიტიკურ საკითხებს, როგორებიცაა – საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმა, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და მედიის თავისუფლება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ხატია დეკანოიძე, ლელოს დეპუტატები – ბადრი ჯაფარიძე და ანა ნაცვლიშვილი, ენმ-ის ყოფილი წევრი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი და რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი ხათუნა სამნიძე.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრამდე 7 ივნისს ფილიპ რიკერი ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აგრეთვე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს – დავით ზალკალიანსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს.

ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრით ფილიპ რიკერმა საქართველოში ვიზიტის პირველი ნაწილი დაასრულა და ბაქოსა და ერევნისკენ გაემართა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა მეზობელ ქვეყნებში ვიზიტის დასრულების შემდეგ იგი კვლავ საქართველოში დაბრუნდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button