skip to content
ახალი ამბები

ფილიპ რიკერის ვიზიტი საქართველოში დაიწყო 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი დღეს თბილისში ჩამოვიდა, სადაც იგი უკვე შეხვდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ მხარეებმა ისაუბრეს 19 აპრილის შეთანხმების განხორციელებაზე, ასევე იმის უზრუნველყოფაზე, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ მის შედეგებთან დაკავშირებით კითხვები გამოირიცხოს იმისთვის, რათა „შემდეგი პოლიტიკური კრიზისი არ დაიწყოს ამ ქვეყანაში“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარი თემა სასამართლო რეფორმა იყო, როგორც „უმთავრესი და ფუნდამენტური ინსტიტუცია იმის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები სწორად წარიმართოს“. მისი თქმით, მხარეებმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებული პოლარიზაცია, ასევე პოლიტიკური კრიზისის გადალახვის გზებიც განიხილეს.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ძალაუფლება დანაწილებული სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს შორის იმისათვის, რომ დემოკრატიული პროცესები იქნას უზრუნველყოფილი ქვეყანაში“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა“, ნინო დოლიძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, თავის მხრივ, ფილიპ რიკერმა აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ დასავლური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს რეფორმები აუცილებელია.

მედიის უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ცალკე გამართულ შეხვედრაზე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მოწადინებულია, ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში იყოს“ და რომ პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ამის ნაწილია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი 6-13 ივნისს თბილისს, ბაქოსა და ერევანს სტუმრობს, დღესვე იგი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button