ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ენმ-ისა და გიორგი გახარიას მიერ სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბრობს 

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, სახელწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, რომელსაც მისივე თქმით, თებერვალში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გეგმავდა, შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ყოფილიყო ჩართული.

ირაკლი კობახიძემ გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თებერვალში გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ პრემიერი იყო, მოულოდნელად ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადება მოითხოვა. მისივე თქმით, ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ქართულმა ოცნებამ 17 თებერვალს, გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან ინფორმაცია მიიღო, რომ ნაციონალური მოძრაობა შეთქმულებას გეგმავდა და შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ზოგიერთი თანამშრომლის მონაწილეობით ალტერნატიული მთავრობის“ ფორმირებას აპირებდა. „დასკვნები შეგიძლიათ თვითონ გამოიტანოთ!“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

კობახიძის თქმით, ეჭვების არსებობის გამო, ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ მაშინდელ პრემიერს 17 თებერვალს მიღებული ინფორმაცია დაუმალა. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ შეთქმულების გეგმაში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა და ის საქართველოში 19 თებერვალს სარფის გავლით უნდა დაბრუნებულიყო.

გახარიას თანაგუნდელმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ყოფილმა უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ კობახიძის ბრალდება უარყო და მას „პრიმიტიული ტყუილები“ უწოდა. ქემოკლიძის თქმით, გუშინდელი „არაადეკვატური განცხადებებით“, კობახიძემ დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები და ეროვნული უსაფრთხოება.

„მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის უკვე აღარ არსებობს წითელი ხაზი, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ისინი მზად არიან ფეხქვეშ გათელონ სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა ქემოკლიძემ და შესაბამის უწყებებს კობახიძის ბრალდებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, კობახიძის განცხადება, თუ ის მართალია, ნიშნავს, რომ ოთხი თვის განმავლობაში მმართველი პარტიის თავმჯდომარე „საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, ქართული ოცნების ამომრჩეველს, უმალავდა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იმ პოლიციელებისა და ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც დღესაც საქართველოს თავდაცვისა და პოლიციის რიგებში მსახურობენ“.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ ასევე უარყო კობახიძის ბრალდება და მას „აბსურდული“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button