დაწურულადევროპა

დანიის წყალობით აშშ ევროპელებს უყურადებდა

რა გავიგეთ:

დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოიკვლია, აშშ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) დანიის სამხედრო დაზვერვის საშუალებებს იყენებდა ევროპელი ლიდერების სათვალთვალოთ.

როგორ აკეთებდნენ ამას?

დანიელ სამხედრო მზვერავებს წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელებზე მისაყურადებელი საშუალებები ჰქონიათ და ამერიკელებს ადრე არსებული შეთანხმებების თანახმად, სატელეფონო ზარების, ინტერნეტში ძიების არქივების, ელექტრონული წერილების და მესენჯერების ტექსტების ანალიზის საშუალებას აძლევდნენ. მათ ეს მოკავშირეობა ბოროტად გამოუყენებიათ მოკავშირეების წინააღმდეგ.

ვის უსმენდნენ?

ტერორისტებთან და სხვა დამნაშავეებთან ერთად, გერმანიის პოლიტიკურ ლიდერებს (მერკელს, მაშინდელ საგარეო მინისტრ შტაინმაიერს, ოპოზიციის ლიდერს შტაინბრუკს), საფრანგეთის, შვედეთისა და ნორვეგიის მაღალი თანამდებობის პირებს.

ეს ახალი ამბავია?

არა, ეს ამბავი 2012-2014 წლებში ხდებოდა თურმე. დანიის სამხედრო დაზვერვას ეჭვი აუღია და შიდა მოკვლევა 2013 წელს დაუწია, როცა ედვარდ სნოუდენის მიერ გამოაშკარავებული აშშ თვალთვალის სისტმამ შეაშფოთათ. შედეგად ე.წ. “დანჰამერის დოსიე” შეუკრავთ 2015 წლისათვის, რომელშიც ფაქტებით ადასტურებდნენ, აშშ-მ ჩვენი სადაზვერვო საშუალებები ევროპელ მეზობლებზე თვალთვალისთვის გამოიყენაო.

ვინ რას ამბობს:

მანუელ მაკრონმა და ანგელა მერკელმა გუშინ ერთბაშად მოუწოდეს აშშ-სა და დანიას, თქვენი საქციელი განმარტეთო: “ამგვარი ქცევა მიუღებელია მოკავშირეებს შორის, მით უმეტეს ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორისო”

შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პეტერ ჰულკვისტი ამბობს “ყველა კარტი მაგიდაზე უნდა დაიდოსო.”

გერმანიის კანცლერის სპიკერმა სტეფენ სიბერტმა თქვა “ჩვენმა მთავრობამ ჟურნალისტური გამოძიება ცნობად მიიღო და ფაქტებს გადავამოწმებთ ჩვენს მოკავშირეებთანო.”

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, კლემან ბონემ “გამოაშკარავებული ფაქტები მძიმეა” და კონკრეტულ ელემენტებს ვაზუსტებთო.

დანიის ოპოზიცია მოითხოვს, მთავრობამ განმარტოს, ნებით გახდა აშშ-ს იარაღი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ შპიონაჟში, თუ არაკომპეტენტურობითო.

ეს დიდი ამბავია?

ერთი მხრივ, თვალთვალი სპეცსამსახურების ყოველდღიური საქმიანობაა. მეორე, მხრივ მოკავშირეების თვალთვალი კარგი საქმე არაა და ევროპელ პოლიტიკოსების აშშ-ს მიმართ ისედაც შერყეულ ნდობას კიდევ უფრო შეუყენებს წყალს.

აწი რა მოხდება?

სავარაუდოდ, ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმებაზე დაიწყება ლაპარაკი, რომელიც შეუტყობინებლად ერთმანეთის თვალთვალს აკრძალავს, ხოლო აშშ-ს გაურთულებს ევროპის სადაზვერვო საშუალებებზე პირდაპირ წვდომას.

პირველწყარო
Comment des dirigeants européens, dont Angela Merkel, ont été espionnés par la NSA depuis le Danemark

მსგავსი/Related

Back to top button