skip to content
ახალი ამბები

აშშ-ში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან კომპრომისზე საუბრობს 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც 12 აპრილიდან სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მმართველი პარტია მზად არის, გადადგას „კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით“ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.

„ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ საკითხები გადაიჭრას“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ქართულ ოცნებას სურს, გამოავლინოს „კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით“.

ქართული მედიის ინფორმაციით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე უკვე შეხვდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტს, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრს, ჯიმ რიშს, ასევე წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათანათავმჯდომარეებს, ჯერალდ კონოლის და ადამ კინზინგერს.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე საუბარი შეეხო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ასევე „სისხლის სამართლის საქმეებს“. მას მხედველობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას დაკავება ჰქონდა. ორივე მათგანს ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, რასაც მმართველი პარტია უარყოფს. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები და მათი გათავისუფლება ის საკითხებია, რაზეც მმართველი პარტია და ოპოზიცია კომპრომისს ვერ აღწევენ.

ირაკლი კობახიძისვე თქმით, მან ასევე ისაუბრა რუსული გავლენის გაფართოების მცდელობასა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.

პრესისთვის კომენტარი ასევე გააკეთა ქართული ოცნების საერთაშორისო მდივანმა, კახა კუჭავამ, რომელიც კობახიძეს სამუშაო ვიზიტის დროს ახლავს. მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები ისურვებდნენ, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს და „ოპოზიცია იხილონ პარლამენტში“.

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბრიუსელში გაემგზავრება.

ოპოზიციის გამოხმაურება

კომპრომისის თაობაზე კობახიძის განცხადების საპასუხოდ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ღიად უთხრეს კობახიძეს, თუ რა ნაბიჯებს ელიან მმართველი პარტიისგან კრიზისის მოსაგვარებლად. სამადაშვილის თქმით, ის კონკრეტულ ნაბიჯებს მოელის ქართული ოცნებისგან, რაც ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის სურვილის მანიშნებელი იქნებოდა.

„ჯერჯერობით, არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ რაღაც შეიცვალა“ მმართველი პარტიის პოზიციაში, განაცხადა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ისინი მომდევნო ნაბიჯებს და არა მხოლოდ განცხადებებს ელიან მმართველი პარტიისგან, რაც პოლიტიკური კრიზისის მოგვარების დასაწყისი იქნებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button