skip to content
ახალი ამბები

NDI: მოქალაქეები დიდწილად სკეპტიკურად არიან განწყობილნი ქვეყნის კურსისა და კორონავირუსის ვაქცინის მიმართ

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 23 მარტს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტი სხვადასხვა საკითხების, მათ შორის, მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის მართვის, ეკონომიკური გეგმის, ვაქცინაციისა და პარლამენტის მუშაობის შესახებ მოქალაქეების განწყობებს ასახავს.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი წინა, 2020 წლის დეკემბრის კვლევასთან შედარებით 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 32%-დან 25%-მდე შემცირდა იმ რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ის აზრით კი – საქართველო საერთოდ არ იცვლება.

NDI-ისთვის საველე სამუშაოები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური მხარდაჭერით CRRC-საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების თქმით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-1.4%-ია.

კოვიდ-19-ის პანდემიის მართვა, სკეპტიციზმი ვაქცინების მიმართ

რესპონდეტების 68% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კოვიდ-19-ის პანდემიას კარგად გაუმკლავდა (2020 წლის დეკემბერში 60%), 27% ფიქრობს, რომ ცუდად (33% დეკემბერში), 4%-მა კი არ იცის (7% დეკემბერში).

მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი. მთავრობის ვაქცინაციის გეგმას „ეფექტურად“ მოსახლეობის მხოლოდ 42% აფასებს, 30% მას „არაეფექტურად“ მიიჩნევს, ხოლო 28%-ს პასუსი არ აქვს.

რესპონდენტების 53% აცხადებს, რომ არ აიცრებოდა (41% დეკემბერში) და მხოლოდ 35% ამბობს, რომ ვაქცინაციაზე თანახმანი არიან (41% დეკემბერში),12%-ს პასუხი არ აქვს. კაცები უფრო თანახმა არიან ვაქცინაციაზე, ვიდრე ქალები. ამას გარდა, თბილისის მკვიდრები ნაკლებად იკავებენ თავს ვაქცინაციაზე სხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობასთან შედარებით.

ისინი, ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48%) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20%). 10% აცხადებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ვერ აიცრება. რესპონდენტების 6% აცხადებს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში „სხვა მიზნები აქვს“, ხოლო 5% ამბობს, რომ ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია.

რესპონდენტების 74% სამედიცინო სფეროს მუშაკებს ენდობა კოვიდ-19-ის ვაქცინაზე ინფორმაციის მიღებით კუთხით, 68% – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, 62% – მთავრობას, 56% – მედიას, 47% – ეკლესიას, 46% – ადგილობრივ ხელისუფლებას და 28% – არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პანდემიის ეკონომიკური გავლენა

იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც სრულ ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობდნენ, 2020 წლის დეკემბრის მსგავსად, უცვლელად 29%-ზე რჩება, ხოლო გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ ისინი უმუშევრები არიან (24% დეკემბერში) და 15% აცხადებს, რომ თვითდასაქმებულები არიან (14% დეკემბერში). პანდემიის დაწყების შემდეგ რესპონდენტების 13% აცხადებს, რომ სამსახური დაკარგა ან ხელფასი/შემოსავალი შეუმცირდა (12%). 43% ამბობს, რომ ისინი მანამდეც უმუშევრები იყვნენ და ახლაც. 27% აცხადებს, რომ სამსახური არ დაუკარგავთ და ხელფასი არ შემცირებიათ, ხოლო 3%-ის თქმით, მათ სამსახური დაკარგეს და ახალი სამსახური იშოვეს. რესპონდენტების 1% ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიამდე ისინი უმუშევრები იყვნენ, ახლა კი – მუშაობენ.

რესპონდენტების 50% მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ეფექტურია, ხოლო 37% ამბობს, რომ ეს ძალისხმევა „არაეფექტურია“, 13%-ს პასუხი არ აქვს. რესპონდენტების 40% აცხადებს, რომ მათი ოჯახის წევრმა მიიღო მთავრობის ფინანსური დახმარება (43% 2020 წლის აგვისტოში), ხოლო 60% ამბობს, რომ მათ არაფერი მიუღიათ (57% აგვისტოში). მათგან, ვინც მიიღო კომპენსაცია, 48% აცხადებს, რომ ის საკმარისი იყო, ხოლო 52% ამბობს, რომ არა.

პარლამენტის მიმართ არსებული განწყობები

რესპონდენტების 14% მიიჩნევს, რომ პარლამენტი „კარგად“ მუშაობს (15% 2020 წლის დეკემბერში), 36% ფიქრობს, რომ „ცუდად“ (34% დეკემბერში), 38% – „საშუალოდ“ (36% დეკემბერში), ხოლო 11%-ს პასუხი არ აქვს (13% დეკემბერში).

რაც შეეხება მოქალაქეების პრიორიტეტებს, რესპონდენტების 79% თვლის, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა ეკონომიკაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. 34% ჯანდაცვას ასახელებს, 22% – განათლებას, ხოლო 16% – ტერიტორიულ მთლიანობას. აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ქალი რესპონდენტი მიიჩნევს ჯანდაცვას და განათლებას პრიორიტეტად, ვიდრე კაცი რესპონდენტი.

რესპონდენტების 54% მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები არ გაითვალისწინებენ მათნაირი ადამიანების შეხედულებებს, ხოლო 55% აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავენ. რესპონდენტების 39% ამბობს, რომ არ სურთ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.

კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, რესპონდენტების 40%-მა განაცხადა, რომ არცერთი, 14%-მა უარი თქვა პასუხზე, ხოლო 8%-მა არ იცის. იმავდროულად, 23%-მა ქართული ოცნება დაასახელა; 7%-მა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ასევე 7%-მა – სხვა პარტიები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button