skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოებმა სასამართლო სისტემის რეფორმის კონცეფცია წარმოადგინეს

შვიდმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 17 მარტს სასამართლო სისტემის რეფორმის კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც იმ ინსტიტუციურ თუ ფუნქციურ პრობლემებს აღმოფხვრის, რომლებიც „აფერხებენ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მოსამართლის მიერ პროფესიული უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად და კომპეტენტურად“ შესრულებას.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამსახურებაზე დაფუძნებული საარჩევნო კრიტერიუმების შემოღების, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მათი თქმით, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი, ასევე პარლამენტის კვოტით ასარჩევი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარლამენტის უმცირესობისა და უმრავლესობის ერთდროული მხარდაჭერის შედეგად უნდა აირჩეოდნენ.

ორგანიზაციებმა ასევე აღნიშნეს, რომ „მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და სასამართლო სისტემის ინსტიტუციური გაჯანსაღებისთვის, აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში არსებული ძალაუფლების დეცენტრალიზაცია“. მათივე თქმით, სასამართლოების თავმჯდომარეებს მათივე მოსამართლეები უნდა ირჩევდნენ და არა საბჭო.

საქართველოს სასამართლო სისტემის „ჩაკეტილობის“ აღმოსაფხვრელად, ორგანიზაციების თქმით, აუცილებელია დაწესდეს „ცხადი და არადისკრიმინაციული მექანიზმი“, რომელიც მაქსიმალურად გაართულებს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს ახალი და კვალიფიციური კადრების შედინებას სასამართლო სისტემაში, მათ შორის, კანონმდებლობაში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შერჩევის კრიტერიუმების დეტალურად განსაზღვრისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირების გზით.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ როდესაც მოსამართლეს უწევს არაგონივრულად დიდი მოცულობის დავათა განხილვა, „მაღალია დაუდევრობის, შეცდომის დაშვების, საკანონმდებლო ვადების დარღვევის რისკი“. ისინი სთავაზობენ, რომ საქმეთა ნაკადის გათვალისწინებით, საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობა განისაზღვროს, ასევე დაიხვეწოს საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემა.

სასამართლო სისტემის რეფორმის კონცეფციის ავტორები არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button