skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები საარჩევნო კოდექსში ქართული ოცნებისა და მოქალაქეების მიერ შემუშავებული ცვლილებებზე

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ (TIG) ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შემუშავებულ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე 16 მარტს გამოქვეყნებულ ერთობლივ შეფასებაში განაცხადეს, რომ შემოთავაზებული ინიციატივა რამდენიმე საკვანძო საკითხს კვლავ მოუგვარებელს ტოვებს.

არასამთავრობოებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტის თანახმად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები კვლავ ვერ შეძლებენ საარჩევნო ადმინისტრაციების წევრთა წარდგენას, რადგანაც ცვლილებების თანახმად, კომისიებში წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობა მხოლოდ იმ პარტიებს ექნებათ, რომელთაც მინიმუმ ერთი მოქმედი დეპუტატი მაინც ჰყავთ და სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ.

მიესალმნენ რა საჯარო მოხელეთა საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობის აკრძალვას, ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ აგიტაციის შეზღუდვა მინისტრთა მოადგილეებსა და სახელმწიფო რწმუნებულებზეც უნდა გავრცელდეს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებულ კანონმდებლობაში საჯარო მოხელეების მიერ სოციალური ქსელებით წარმოებული აგიტაცია საარჩევნო კამპანიად უნდა ჩაითვალოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით, საჭიროა საარჩევნო საჩივრების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, ვადების გახანგრძლივება და დამკვირვებელთათვის საჩივრების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობის მინიჭება.

„სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“, სხვა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად თებერვლის დასაწყისში ჩამოყალიბებულ საპარლამენტო ჯგუფში მონაწილეობდნენ, რომელიც ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შემუშავებულ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობდა. მემორანდუმის თანახმად, პარლამენტმა ცვლილებები ყველაზე გვიან 1 მაისს უნდა მიიღოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button