ახალი ამბები

ოპოზიცია ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ერთობლივი განცხადებით ეხმიანება

ოპოზიციურმა პარტიებმა 18 თებერვალს გავრცელებული ერთობლივი განცხადებაში აღნიშნეს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების ქართული ოცნების „გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების დრამატულ ესკალაციაზე მიუთითებს“.

ხელმომწერი პარტიების განცხადებით, ისინი „მშვიდობიან სოლიდარობას [უცხადებენ] მელიას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს ქართული ოცნების აშკარა სვლას სრულმასშტაბიანი ავტორიტარიზმისკენ“.

დაგმეს რა მელიას „აბსურდული და შეკერილი“ საქმე, პარტიებმა აღნიშნეს, რომ „სიმბოლურია“, რომ მას ბრალი 2019 წელს, საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაციის ყოფნის გასაპროტესტებლად 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის საქმეზე აქვს წარდგენილი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანა „კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.

ხელმომწერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ქართულმა ოცნებამ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე აღნიშნეს, რომ მმართველმა გუნდმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე „პოლიტიკურად მოტივირებული“ ახალი გამოძიება დაიწყო და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი დააკავა, რომელთაც მეზობელი ქვეყნისთვის ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ ქმედებას ედავებიან. მათივე თქმით, ქართულ ოცნებას მედიის წარმომადგენლების, სხვა პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სხვა საქმეებიც აქვს შემონახული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button