skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია: „8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს“

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საკონსტიტუციო შესწორებათა დამტკიცებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას უსვამენ ხაზს. ისინი, 8 მარტის შეთანხმების „სრულად შესრულების“ აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას გათავისუფლება „პრინციპულ საკითხად რჩება.

„აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა ითამაშა“, – ნათქვამია ოპოზიციის მიერ 2 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

მათივე შეფასებით, აღნიშნული პარტიებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის მაგალითია, რაც „აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად“.

„მიუხედავად ჩვენ შორის არსებული არსებითი განსხვავებებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“, – განმარტავენ ოპოზიციაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს შემდეგი პარტიები აწერენ: ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ახალი საქართველო, გირჩი, ევროპული დემოკრატები, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა, სახელმწიფო ხალხისათვის, ემსახურე საქართველოს, ლეიბორისტული პარტია, გამარჯვებული საქართველო, ლელო საქართველოსთვის, თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის, სამართლიანობისთვის, კანონი და სამართალი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

პარლამენტმა საარჩევნო რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით 29 ივნისს, 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებს არ მიუღიათ. ისინი ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას და „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას გათავისუფლებასა ასახელებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button