ახალი ამბები

შეზღუდვების გახანგრძლივება თბილისში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

კოვიდ-19-ის შეზღუდვების, მათ შორის, კომენდანტის საათისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვაზე დაწესებული შეზღუდვების 1 მარტამდე გახანგრძლივების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება 26 იანვარს თბილისში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სამთო-სათხილამური ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეები დღეს მთავრობის კანცელარიასთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან შეზღუდვების მოხსნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებით დაიმუქრნენ.

ადგილობრივმა მოვაჭრეებმა შეზღუდვების მოხსნისა და ბაზრობის გახსნის მოთხოვნით დამოუკიდებელი აქცია გამართეს გლდანშიც. მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ.

აქციის მონაწილეებმა სავაჭრო ცენტრების მიმართ მთავრობის შერჩევითი მიდგომაც გააპროტესტეს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისინი მუშაობას 1 მარტიდან განაახლებენ. მოვაჭრეებმა აღნიშნეს, რომ ღია ტიპის სავაჭრო ადგილებში ვირუსის გავრცელების საფრთხე უფრო ნაკლებია, ვიდრე დახურულ მოლებში.

„ფაქტობრივად, მშივრები ვართ“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და დაამატა, რომ მთავრობისგან მიღებული ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებით ფინანსური ვალდებულებები დაფარა. აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ კი – აღნიშნა, რომ მას დღეს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე მისვლა სურდა, თუმცა უტრანსპორტობის გამო ვერ შეძლო, ტაქსის დაქირავების შესაძლებლობა კი არ ჰქონდა.

აქციების პარალელურად, მთავრობის წევრები დახურულ კარს მიღმა დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრიდან გამოსულმა ბიზნესის წარმომადგენლება თქვეს, რომ მთავრობა მოცემულ მომენტში მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას არ გეგმავს.

„თუ [ვირუსის გავრცელების] დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები“, – თქვა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

26 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 254 822 შემთხვევაა დადასტურებული. 244 446 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 3 096 კი – გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button