skip to content
ახალი ამბები

ტოივო კლაარი თბილისს სტუმრობს

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთკავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი, რომელიც თბილისს 24 იანვარს ეწვია, ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, 25 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მხარეებმა „რეგიონში უსაფრთხოების კუთხით მომხდარი ცვლილებები“, ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარედ უსაფრთხოების გარემო და კონფლიქტით დაზარალებულ მხარეებში ჰომანიტარული და სოციალუ-ეკონომიკური კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვებზეც გაამახვილეს ყურადღება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე.

პრემიერ გახარიას შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით არსებული გამოწვევების გადაჭრაში „უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურებას და  პირდაპირ ჩართულობას“. გიორგი გახარიამ ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

25 იანვარს, ტოივო კლაარი ასევე შეხვდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს და მასთან  სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, არსებული კონფლიქტები და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.

ტოივო კლაარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან 26 იანვრის შეხვედრაზე პრეზიდენტის ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტი მიმოიხილა, სადაც ზურაბიშვილი ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეები ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მძიმე ვითარებასაც შეეხნენ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ტოივო კლაართან ევროკავშირის მხრიდან კოვიდსოლიდარობის საკითხებზეც ისაუბრა და ვაქცინის დროულად მოწოდების საკითხში ევროკავშირის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა ასევე კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივება დადებითად შეაფასა.

26 იანვარს ტოივო კლაარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიასაც შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა მიმოიხილეს და 2020 წლის დეკემბერში გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი შეაფასეს.

მინისტრის მოადგილემ ტოივო კლაარს რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებზე მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე და სამედიცინო ევაკუაციის შეფერხებაზე, რასაც ახალგორის რაიონში არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლაშა დარსალიამ შეხვედრაზე დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button