ახალი ამბები

აფხაზეთი ექსტრადიციის თაობაზე მოსკოვის მოსალოდნელ მოთხოვნაზე უარის თქმას გეგმავს 

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის ხელისუფლების მიერ 2009 წლის მკვლელობის საქმეზე დაუსწრებლად გასამართლებული ორი პირის, ასტამურ ბუთბასა და ნუგზარ პაპავას ექტრადიციის თაობაზე მოსკოვისგან მოთხოვნას ელის. მოკლული ე.წ. რუსი „კრიმინალური ავტორიტეტი“ ვიაჩესლავ ივანკოვი იყო, რომელსაც „იაპონჩიკის“ სახელით იცნობდნენ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 19 იანვარს განაცხადა, რომ ორმა ეჭვმიტანილმა მკვლელობის შემდეგ თავი ოკუპირებულ რეგიონს შეაფარა და დასძინა, რომ კომიტეტი სოხუმისთვის ექსტრადიციის მოთხოვნის გაგზავნაზე მუშაობს. ბუთბასა და პაპავას ორმაგი – რუსული და აფხაზური მოქალაქეობა აქვთ.

რუსული გამოძიების თანახმად, ბუთბამ, რომელიც ეთნიკური აფხაზია, ივანკოვს სნაიპერული იარაღიდან ესროლა. დანაშაულის თანამონაწილეა ეთნიკური ქართველი, პაპავაც, რომელიც ასევე იმყოფებოდა დანაშაულის ადგილზე და ბუთბას მანქანაში ელოდა.

აფხაზეთის პროკურატურამ მომდევნო დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადება დაადასტურა, რომ მათ მოსკოვისგან მართლაც მიიღეს მოთხოვნა და ამჟამად საკითხის განხილვა მიმდინარეობს. თუმცა, პროკურატურამ ხაზი გაუსვა, რომ ამას არ მოჰყვება ექსტრადიცია, რადგანაც აფხაზეთის კანონმდებლობა სისხლის სამართლებრივი დევნისთვის საკუთარი მოქალაქეების უცხოური სახელმწიფოსთვის გადაცემას კრძალავს.

სანაცვლოდ, როგორც პროკურატურამ აღნიშნა, მოსკოვთან შეთანხმების შემთხვევაში, ბუთბასა და პაპავას აფხაზეთში იმ მტკიცებულების საფუძველზე გაასამართლებენ, რომელთაც რუსეთის ხელისუფლება მიაწვდის.

პაპავას ცალკე საქმეზე აფხაზეთში გამოძალვის ბრალდებაც აქვს წაყენებული, რომელიც 2019 წლის აპრილში სოხუმის რაიონში ომარ მირცხულავას გატაცებას ეხება. 2020 წლის ოქტომბერში სოხუმის სასამართლომ მას დაკავების სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალა. აფხაზეთის „პროკურატურამ“ წინასწარი გამოძიება 2020 წლის დეკემბერში დაასრულა და ახლა საქმეზე სასამართლო მოსმენები გაიმართება.

69 წლის ე.წ. „კანონიერი ქურდი“ „იაპონჩიკი“ მოსკოვში 2009 წლის ოქტომბერში მას შემდეგ გარდაიცვალა , რაც იმავე წლის ივლისში სნაიპერის მიერ მიყენებული ჭრილობები გაურთულდა. მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს და სასჯელი შეუფარდეს.

რუსული მედიის ცნობით, ივანკოვის მკვლელობა მასთან დაახლოებული, საქართველოში დაბადებული ეთნიკურად იეზიდი ასლან უსოიანის, რომელიც „დედ ჰასანის“ სახელითაა ცნობილი (და რომელიც 2013 წელს მოსკოვში მოკლეს) და ეთნიკურად ქართველი „კანონიერი ქურდის“, ტარიელ ონიანის დაპირისპირების ნაწილია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button