ახალი ამბები

ისრაელის ელჩი დეკანოზ კარკაძის „ანტისემიტურ“ ქადაგებას გმობს

ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა 8 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ქუთაის-გაენათის ეპარქიის დეკანოზის, ილია კარკაძის მიერ 4 იანვარს ქადაგების დროს გამოთქმული „ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია“ დაგმო და დეკანოზის განცხადებები „1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას“ შეადარა.

დეკანოზმა ილია კარკაძემ 4 იანვრის ქადაგებისას, საბჭოთა პერიოდში ებრაელების „გავლენებზე“ ისაუბრა და თქვა, რომ სტალინზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის მიხედვით, მათი დაჯგუფებები რევოლუციას აწყობდნენ და სტალინის მოტყუებას ცდილობდნენ. ამასთან, დეკანოზმა აღნიშნა, რომ დღევანდელ საბანკო სისტემას ებრაელები აკონტროლებენ.

„როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

ისრაელის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ დეკანოზის ქადაგებას, ორი კვირით ადრე, თავად ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტისა და სინოდის წევრის, იოანე გამრეკელის „ძალზედ სადავო და პრობლემური“ ქადაგება უძღოდა, „რომლის ნაწილიც, შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური“. 30 დეკემბერს მიტროპოლიტმა სოციალურ ქსელში წერილობით განმარტა, რომ მისი 20 დეკემბერის ქადაგება ანტისემიტური არ იყო და ებრაელი ხალხის მიმართ პატივისცემა დაადასტურა. მიტროპოლიტის ამ განცხადებას 4 იანვარს ისრაელის ელჩი მიესალმა და მას „იმედისმომცემი“ უწოდა.

რან გიდორის 8 იანვრის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, დეკანოზ კარკაძის „ანტისემიტური პათოსით განმსჭვალული“ ქადაგება თავად ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა დაგმო და თქვა, რომ ის „სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ“ და „არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას“.

მიესალმა რა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებას, რან გიდორმა იმედი გამოთქვა, რომ „ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ც დაგმობს და „კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button