Placeholder canvas
ახალი ამბები

აფხაზი ოპოზიციონერები აპროტესტებენ „საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ პუნქტებს საქართველოს შესახებ

აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ 4 დეკემბერს ხელმოწერილი „საგარეო პოლიტიკის შესახებ კონცეფციის“ იმ პუნქტებს, რომლებიც თბილისთან დიალოგსა და ურთიერთობების ნორმალიზებას ეხება, სოხუმში პროტესტი მოჰყვა.

კონცეფცია აფხაზეთის ომის ვეტერანთა გავლენიანი ჯგუფის „არუაას“ მოთხოვნით 21 დეკემბერს რეგიონის „პარლამენტშიც“ განიხილეს, რომელსაც აფხაზეთის ხელმძღვანელობა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სხდომაზე ოპოზიციამ სკეპტიკურად შეაფასა კონცეფციის ის ნაწილი, რომელიც აფხაზურ-ქართული კონფლიქტის მოგვარებას ეხება, კერძოდ პუნქტი N2.3, რომელიც თბილისთან მოლაპარაკებებისათვის დამატებითი პლატფორმების ჩამოყალიბების შესაძლებლობას ითვალისწინებს. კონცეფციის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ჩანაწერი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩანაცვლებას ისახავს მიზნად.

ოპონენტების თქმით, თბილისთან მოლაპარაკებები მანამდე ვერ გაიმართება, სანამ იგი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

კონცეფციის მოწინააღმდეგეებმა აფხაზეთის ხელმძღვანელობა იმაშიც დაადანაშაულეს, რომ დოკუმენტი „პარლამენტთან“ და ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების გარეშე მიიღეს. ოპოზიციამ „საგარეო საქმეთა სამინისტროც“ გააკრიტიკა და სიცრუს უწოდა ამ უკანასკნელის მტკიცებას, რომ კონცეფციის განხილვაში „პარლამენტარებმაც“ მიიღეს მონაწილეობა.

„კონცეფცია უნდა გაუქმდეს და განახლებულ ვერსიაში აფხაზეთის ყველა პოლიტიკური ძალის მოსაზრება უნდა იქნას გათვალისწინებული“, – განაცხადა ადგურ არძინბამ, მარტის „საპრზიდენტო არჩევნებში“ ბჟანიას მთავარმა კონკურენტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ახალი ოპოზიციური პლატფორმა დააარსა.

„არუაას“ წევრმა, თემურ ნადარაიამ, გალის აფხაზური ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კონცეფცია იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მასში საქართველოს მიერ მე-20 საუკუნეში აფხაზების „სისტემური გენოციდის“ თაობაზე მუხლი არ შევიდა.

„ყოველთვის ვაცხადებდით და ახლაც ხაზს ვუსვამთ ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობას“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დაურ კოვემ კრიტიკის საპასუხოდ. მისი თქმით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩანაცვლების საკითხს არ განიხილავს.

„ამ დოკუმენტში ასახვით ყველაფერი შეიძლება აისახოს, მაგრამ მოდით საკუთარ თავს ვკითხოთ, ეს სარგებელს მოუტანს აფხაზეთს, თუ გარკვეულ პროცესებს შეაჩერებს“, – განაცხადა კოვემ დოკუმენტში შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ სერგეი შამბაც, რომელიც ამჟამად რეგიონის „უშიშროების საბჭოს“ ხელმძღვანელია. მისი თქმით, „[დოკუმენტში] სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობებზე საუბარი, ხოლო მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განხილვაზე უარის თქმა არ იქნება სწორი“.

შამბამ ისიც გაიხსენა, რომ 2008 წლამდე, აფხაზეთის ხელმძღვანელობა ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის მეთაურობის პირობებში, საქართველოს ხელისუფლებასთან სხვადასხვა დონეზე მართავდა მოლაპარაკებებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button