ახალი ამბები

შამბა კვლავაც თბილისთან დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ სერგეი შამბამ, რომელიც ამჟამად რეგიონის „უშიშროების საბჭოს“ ხელმძღვანელობს, თბილისთან დიალოგის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. შამბამ აღნიშნა, რომ „საქართველოსთან კონფლიქტის მოსაგვარებლად დიალოგი გვჭირდება“.

შამბას თქმით, მართალია, არსებობს საკითხები, მათ შორის, აფხაზეთის „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის“, რომლებზედაც თბილისთან კომპრომისზე არ წავლენ, თუმცა „ბევრი სხვა საკითხიცაა“, რომელთა მოგვარებაც დღის წესრიგში დგას.

თბილისთან სალაპარაკო საკითხთა შორის შამბამ ომის განუახლებლობაზე შეთანხმება, აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტისა და სოხუმის აეროპორტის მუშაობის განახლების თემები დაასახელა.

როგორც დიდი ხნის დიპლომატმა და პოლიტიკოსმა, „მე ვიცი, რომ სადაც კონფლიქტია, იქ ლაპარაკიც საჭიროა“, – თქვა მან. შამბამ ამ საკითხებისადმი სკეპტიკურად განწყობილი აფხაზური ოპოზიციის გასაგონად დასძინა: „არ მესმის ლოგიკა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რომ კონფლიქტი გვაქვს და საუბარი არ გვჭირდება“.

„უნდა ვისაუბროთ აქტუალურ საკითხებზე. მათ კი, ვინც ამბობს, რომ საუბარი საჭირო არაა, ავიწყდებათ, რომ უკვე არსებობს კონტაქტები და თანამშრომლობა“, – განაცხადა შამბამ. ამ კუთხით, მან ენგურის ჰიდროელექტროსადგურსა და ჩრდილოვან ვაჭრობაზე თანამშრომლობას გაუსვა ხაზი, რომელიც აფხაზეთის ბიუჯეტის გვერდის ავლით ხორციელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button