ახალი ამბები

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი თავისუფალი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, სირაძის ინფორმაციით, მძევლად 9 ადამიანი ჰყავდა აყვანილი, დაკავებულია, ყველა მძევალი კი – გათავისუფლებული.

„ღონისძიება წარმატებით დასრულდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების, ასევე ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

სავარაუდოდ, ყელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, 22 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათისთვის შეიჭრა. Facebook-ით გავრცელებულ ვიდეოში იგი აზარტული თამაშების აკრძალვას, მედიკამენტების ფასების გაიაფებასა და ბანკებისთვის სესხებზე წლიურ საპროცენტო განაკვეთზე მაქსიმუმ 7%-იანი ლიმიტის დაწესებას ითხოვდა.

შსს-ს თავდაპირველი ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 9 პირი ჰყავდა აყვანილი, თუმცა უწყებაში მოგვიანებით დააზუსტეს, რომ მძევლების რაოდენობა 17 იყო.

შსს-მ ყაჩაღობის მუხლი (179-ე), რომელსაც დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასთან (236-მუხლი) ერთად ედავება, ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით (144-ე) გადააკვალიფიცირა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button