ახალი ამბები

საქართველოში არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩაივლის

საქართველოში 21 ნოემბერს, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, 17 მაჟორიტარული ოლქის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 სთ-ზე გაიხსნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის 2 140 210 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მეორე ტურებისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სპეციალური სიებიც დაამტკიცა, რომელშიც 4 095 ამომრჩეველი შედის, მათ შორის, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, ასევე კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები. ცესკოს ცნობით, გადასატანი ყუთით 985 ამომრჩეველი ისარგებლებს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 13 მოჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს, დარჩენილ 17 ოლქში ერთმანეთს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი უნდა შეხვდეს და გამარჯვებულად ის გამოცხადდება, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს.

მეორე ტურებში ქართული ოცნების მოწინააღმდეგეები, ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, გირჩის, ლეიბორისტული პარტიისა და მოქალაქეეების კანდიდატები არიან. ოპოზიციურმა კანდიდატებმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებენ, თუმცა კანონმდებლობის თანახმად, მათი სახელები და გვარები ბიულეტენზე მაინც იქნება.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები თბილისში შემდეგ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გაიმართება: მთაწმინდის რაიონი, ვაკის რაიონი, საბურთალოს რაიონი, ისნის რაიონი, სამგორის რაიონი, დიდუბის რაიონი, ნაძალადევისა და გლდანის რაიონები. თბილისს გარეთ არჩევნების მეორე ტურები იქნება – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში; თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში; რუსთავის მუნიციპალიტეტში; ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში; ქუთაისის მუნიციპალიტეტში; ზუგდიდის მუნიციპალიტეტში; ბათუმის მუნიციპალიტეტში; ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

21 ნოემბერს მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური იმართება ქუთაისის მუნიციპალიტეტშიც. აქ მეორე ტურში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები – იოსებ ხახალეიშვილი და გრიგოლ შუშანია გავიდნენ.

ახლახან მიღებული ცვლილებით 150 წევრიანი პარლამენტი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატით დაკომლექტდება.

ამ მომენტისთვის ქართულ ოცნებას 74 მანდატი უკვე აქვს და მას ახალ პარლამენტში 76 წევრიანი უბრალო უმრავლესობისთვის მხოლოდ 2 მაჟორიტარული ოლქის მოგება სჭირდება.

8 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და არც ხვალინდელ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.

პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით 12 ნოემბერს დაიწყო. მოლაპარაკების მეორე რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა. 20 ნოემბერს ელჩები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ინდივიდუალურად შეხვდნენ.

საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button