ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის დასრულებისა და თბილისიდან გამგზავრების შემდეგ, მისი თანაშემწე ფილიპ რიკერი დახურულ კარს მიღმა იმ რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა, რომელთაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს. ესენია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლელო საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბარში თქვა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და კოვიდ-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, შეხვედრაზე კომპრომისის მოძებნის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

„ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაჰყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის [მიმანიშნებელია], რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე, როგორც ევროპის კავშირს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის დახმარება, რომ გამოსავალი მოინახოს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და დაამატა – „ჩვენს უკან უამრავი საქართველოს მოქალაქე დგას, რომელიც ითხოვს სამართლიანობის აღდგენას“.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ კი – აღნიშნა, რომ ოპოზიციას არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების დასამტკიცებლად „განსაკუთრებული ძალისხმევა არ დასჭირვებია“, რადგან „[დარღვევების არსებობას] ეთანხმება, როგორც ამერიკის საელჩო, [ისე] სახელმწიფო დეპარტამენტი და ყველა ჩვენი პარტნიორი“.

მისივე თქმივე, „ჩვენს პარტნირებს აწუხებთ შექმნილი კრიზისი“ და შეხვედრაზე გამოსავლის ძიებაზე იყო საუბარი, რაც მისი შეფასებით არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა. „ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში დესტაბილიზირება. პირიქით ჩვენი ამოცანაა საქართველოში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა“, – თქვა დავით ბაქრაძემ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სტაბილურობის გზა ახალ არჩევნებზე გადის.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან შეთანხმებისკენ მოწოდებაა და ოპოზიციამ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მესამე რაუნდში მონაწილეობის სრული მზაობა გამოხატა. მანვე დაამატა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებში კვლავ ერთიანია და ისინი მესამე შეხვედრაზე ქართული ოცნებისგან „ადეკვატურ პასუხს“ ელოდებიან.

„ჩვენი პოზიცია არის იგივე, მზად ვართ ვიმუშაოდ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ქართულ ოცნებასთან იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას“, – თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისს 17-18 ნომებრს სტუმრობდა. დღეს იგი, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დღის წესრიგი ოპოზიციასთან შეხვედრას არ ითვალიწინებდა. ოპოზიციამ დღეს თბილისში მდუმარე საპროტესტო აქცია მოაწყო, რომლითაც მაიკ პომპეოს უთხრა, რომ საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს, ახალ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ასევე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვს.

შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაიწყო. ისინი ერთმანეთს უკვე ორჯერ, 12 და 14 ნოემბერს შეხვდნენ. დაგეგმილია მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდიც.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც პომპეომ თბილისი დატოვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 18 ნოემბერს თბილისში გამართული ბრიფინგის დეტალები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ მოუწოდებს ოპოზიციას, ცვლილებისთვის პარლამენტიდან იბრძოლოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button