skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები ირაკლი ბებუას უსაფრთოხებისთვის საჭირო ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ

შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრმა“ 12 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ისინი საქართველო მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში 30 სექტემბერს აფხაზეთის დროში ფერებში გამოფენილი ბანერის დაწვის გამო დაკავებული ირაკლი ბებუას უსაფრთხოება და მისი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა უზრუნველყონ.

ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობოები, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთოს) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდებენ მიიღონ „ყველა სათანადო ზომა“ ირაკლი ბებუას „სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით და ხელი შეუწყოთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი გადმოყვანის პროცესს“.

„უკანონო დაკავებები და დაკავების დროს არაადამიანური და სასტიკი მოპყრობა საოკუპაციო რეჟიმებს ახასიათებს“, – აცხადებენ უფლებადამცველები და დასძენენ, რომ ბებუას დაკავება „განსაკუთრებით ყურადსაღებია საქმის პოლიტიკური კონტექსტისა და სენსიტიურობის გამო“. არასამთავროები, სოციალურ ქსელებში ბებუას მიმართ გამოთქმულ „მძიმე“ შეფასებებზეც მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ ზოგი მისი „სასტიკი დასჯის მოთხოვნასაც აყენებს“.

არასამთავრობოები აფხაზეთის ციხეებში არსებულ „პრობლემურ“ მდგომარეობასა და პატიმრებისთვის „არასათანადო პირობებზეც“ ამახვილებენ ყურადღებას, მიუთითებენ, რომ ქრონიკული დაავადებების გამო ბებუას „ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია“ და დასძენენ, რომ ციხის მძიმე პირობები მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

უფლებადამცველები განცხადებაში იმასაც აღნიშნავენ, რომ ირაკლი ბებუა, რომლის ოჯახიც 1993 წლიდან აფხაზეთიდან დევნილია, გალში ხანდაზმული ბებიის მოსავლელად 2016 წელს დაბრუნდა, თუმცა „ე.წ. საზღვრის გადმოკვეთისთვის“ საჭირო დოკუმენტების არქონის გამო თბილისში ჩამოსვლა ვეღარ შეძლო და ამ ხნის განმავლობაში ვერც მისთვის აუცილებელ მკურნალობას იღებდა.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ირაკლი ბებუას 30 დღიანი წინასწარი პატიმრობა ოქტომბრის დასაწყისში შეუფარდა. გამოძიება ბებუას წინააღმდეგ სხვისი ქონების დაზიანების, სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისა და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვის ბრალდებებით მიმდინარეობს. ბრალდებები ოთხიდან რვა წლამდე, ორ წლამდე და ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button