skip to content
ახალი ამბები

საპატრიარქო აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის გადაცემაზე დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 29 სექტემბერს, პროკურატურის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე მომუშავე კომისიის მიერ საზღვრის ნაწილის „ქვეყნის ინტერესების საზიანოდ“ შეთანხმების საკითხზე დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა და თქვა, რომ წინა სადემარკაციო კომისიის მუშაობა „არაეფექტური“ იყო და „დიდი ეჭვები“ აღძრა.

დეკანოზმა ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ წინა კომისიის მიერ „ყველა სადავო საკითხი [საზღვართან დაკავშირებით] იყო გადაწყვეტილი საქართველოს საზიანოდ“.

განახლებულ კომისიაზე საუბრისას, მან იმედი გამოთქვა, რომ „იმ პრინციპული მიდგომიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, რაღაც შედეგი დაიდება“.

„ეკლესიის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია, ეს ჩვენი ძირძველი სიწმინდეებია, მეტიც საპატრიარქოს კუთვნილება არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ეკლესია-მონასტრები და ამ შემთხვევაში, როდესაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზეა საუბარი, იმავდროულად ჩვენ საპატრიარქოს ქონებაზე ვლაპარაკობთ“, – დასძინა დეკანოზმა.

პროკურატურის 29 სექტემბრის განცხადებით, გამოძიება უწყებისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 17 აგვისტოს მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები „არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ორი მესამედი შეთანხმებულია, ხოლო საზღვრის დანარჩენი ნაწილი, სადაც შუა საუკუნეების დავით გარეჯის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს, კვლავაც შეუთანხმებელია. ამ მონაკვეთზე ქვეყნებს შორის საზღვრის საკითხზე თანხმობის არარსებობის საკითხი ყურადღების ცენტრი 2019 წლის აპრილში მას შემდეგ მოექცა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მონასტრის ნაწილთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს.

24 სექტემბერს თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ თბილისმა ბაქოს დავით გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები გადასცა და დასძინა: „ახალმა გარემოებებმა, შესაძლოა, გარკვეულწილად წარმოქმნას პროცესის ახლებური მიმართულება, მათ შორის, არ გამოვრიცხავ, ვთქვათ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.

საკითხის შეფასებისას, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოძიება გააკრიტიკა და მას ქართული ოცნების მთავრობის მიერ „დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა. მისივე თქმით, გამოძიების მიზანი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემაში მისი დადანაშაულებაა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button