skip to content
ახალი ამბები

პროკურატურა დემარკაციის ექსპერტების მიერ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის გადაცემის საკითხს იძიებს

საქართველოს პროკურატურის 29 სექტემბრის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრების მიერ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის გადაცემის საკითხზე გამოძიებაა დაწყებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება უწყებისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 17 აგვისტოს მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები „არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“.

„მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის  სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას“, – ნათქვამია საგამოძეიბო უწყების განცხადებაში.

პროკურატურისვე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ათობით პირი გამოიკითხა, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 9 სექტემბერს კარტოგრაფიული ექსპერტიზაც  ჩატარდა .

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს და თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს .

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ორი მესამედი შეთანხმებულია, ხოლო საზღვრის დანარჩენი ნაწილი, სადაც შუა საუკუნეების დავით გარეჯის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს, ჯერ კვლავ შეუთანხმებელია. ამ მონაკვეთზე ქვეყნებს შორის საზღვრის საკითხზე თანხმობის არარსებობის საკითხი ყურადღების ცენტრი 2019 წლის აპრილში მას შემდეგ მოექცა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მონასტრის ნაწილთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button