skip to content
ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენ. დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩია

საზოგადოებრივი მაუწებლის სამეურვეო საბჭომ 25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას 9 წევრიანი სამეურვეო საბჭოდან მხარი რვამ დაუჭირა. ბერძენიშვილს ხმა საბჭოს ოპოზიციის კვოტით არჩეულმა წევრმა, ზაზა აბაშიძემ არ მისცა.

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადეობრვი მაუწყებელში 2011 წლიდან მუშაობს. 2011-2014 წლებში იგი მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო და პარალელურად (2012-2013 წწ), წამყვანის პოზიციაც ეკავა. 2014-2015 წლებში მან მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე გადაინაცვლა. 2018 წლიდან იგი უკვე დირექტორის პირველი მოადგილე იყო. მიმდინარე წლის აგვისტოს მეორე ნახევრიდან კი – მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. ეს თანამდებობა 2016 წელს, გიორგი ბარათაშვილის გადადგომის შემდეგაც ეკავა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უკვე ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა 18 აგვისტოს დატოვა და მიზეზად მოახლოებული არჩევნების წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით შესაძლო ეჭვებისა და კითხვების გაჩენა დაასახელა.

მაუწყებლის ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი იმავე დღეს გამოცხადდა. დირექტორობის სურვილი სულ 8 კანდიდატმა გამოთქვა. სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მათგან კონკურსის მომდევნო ეტაპზე ოთხი კანდიდატი – რეჟისორი ალექსანდრე (სანდრო) ვახტანგოვი, მომღერლი ირმა სოხაძე, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და თინათინ ბერძენიშვილი გადავიდნენ.

მათთან გასაურება 24 სექტემბერს გაიმართა, რა დროსაც სანდრო ვახტანგოვმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და კონკურსს საკუთარი სურვილით გამოეთიშა. შესაბამისად, სამეურვეო საბჭომ დღეს ახალი დირექტორი სამი კანდიდატიდან შეარჩია. მათგან ხათუნა ლაგაზიძემ დღეს გამართულ ღია კენჭისყრაზე მხოლოდ ერთი ხმა ზაზა აბაშიძისგან მიიღო, ირმა სოხაძემ კი – არცერთი.

აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელზე ასაღები ხელფასი 4 000 ლარიდან 10 000 (დარიცხული – 12 500) ლარამდე გაიზარდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button