ახალი ამბები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 8 სექტემბერს წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნები და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები წინასაარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევებად რჩება.

ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო. მონიტორინგის პერიოდში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის სულ 17 შემთხვევა გამოავლინა. ასევე გამოვლინდა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 შემთხვევა; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 18;  ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის – 6;  მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის – 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

„მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობების გარდა, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვა  „პატრიოტთა ალიანსის“ და „თავისუფალი საქართველოს“ მიერ; ასევე ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოპოვებას სურსათის დარიგებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ცდილობდნენ“, ნათქვამია შუალედურ ანგარიშში.

ორგანიზაცია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად განიხილავს. ანგარიშის თანახმად, ის ფაქტი, რომ მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობენ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მიუთითებს, რაც „ფაქტობრივად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის“.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეშფოთება გამოხატა ბოლო პერიოდში სხვადასხვა სოციალური პროექტის წამოწყების გამო, რაც, ორგანიზაციის თქმით, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად. „პროექტების მიზანი და მოცულობა ქმნის განცდას, რომ ეს ინიციატივები არჩევნებს უკავშირდება და მათი მოტივი არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერის გაზრდაა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც „ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის განცდას ქმნის“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრს, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, ძირითადად,  დაფიქსირდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ, ხოლო, ერთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი მუქარაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების „ქართული მარშისა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კამპანიებში სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა შეინიშნება. „პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო რეკლამებთან დაკავშირებით ISFED-მა ცესკოს განცხადებით მიმართა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო“, – ნათქვამია ანგარიშში.

წაიკითხეთ ასევე წინა ორი ანგარიში:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button