ახალი ამბები

საია-მ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში წინასაარჩევნოდ დაფიქსირებულ დარღვევებზე, მათ შორის, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 5, წინასაარჩევნო აგიტაციის ხელშეშლის 6 და სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 5 შემთხვევაზეა საუბარი.

საია-ს მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის 9 რეგიონული მონიტორის დაკვირვებას ეყრდნობა და წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან გამოვლენილ დარღვევებსა და „ცუდ პრაქტიკას“ ასახავს.

ანგარიშის თანახმად, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას ადგილი ჰქონდა, როგორც მმართველი პარტიის ისე, ლელოსა და პატრიოტთა ალიანსის მხრიდან. საია-ს განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა მომავლისთვის“ საჯაროდ „აფილირებულია“ პარტიასთან ლელო საქართველოსთვის, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება. ამავე კონტექსტში, საია ქართული ოცნების მიერ სენაკში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო პროფილქტიკური გამოკვლევების ჩატარების ორგანიზებასა და ქობულეთში ბოსტნეულის უსასყიდლოდ დარიგების შესახებაც საუბრობს. ამასთან, ორგანიზაცია პატრიოტთა ალიანსის მიერ ბათუმის თეატრის თანამშრომლებისთვის სურსათის უფასოდ დარიგების შესახებაც მიუთითებს.

საია ანგარიშში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე გამოვლენილ „თავდასხმებზეც“ ამახვილებს ყურადღებას და 13 აგვისტოს „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერზე ანა დოლიძესა და მის მხარდამჭერებზე თავდასხმის ფაქტსა და 26 ივნისს გორში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისის „დარბევაზე“ მიუთითებს.

ახალგაზრდა იურისტების შეფასებით, კოვიდ-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს, ხელისუფლებამ „პერსონიფიცირებული ხასიათი მისცა და მის საკუთარ თავთან აფილირებას შეუწყო ხელი“.

„შესაბამისად, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ხშირ შეთხვევაში, კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირებად აღიქმებოდა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევების კონტექსტში, საია თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დაახლოებით 10 000-მდე მოქალაქისთვის თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალის მიმართ არსებული დავალიანების ჩამოწერაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button