skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) 75-ე წლისთავის აღსანიშნავად 21 სექტემბერს გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა – „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს, ჩვენი ქვეყანა არ არის მზად შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს ოკუპაციით მიადგა“.

ვიდეოგამოსვლაში, საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე გლობალურ გამოწვევებსა და „მომავალი რომელიც ჩვენ გვსურს“ ოთხ საფუძველზე ისაუბრა. ესენია – მშვიდობა, სიცოცხლისუნარიანი პლანეტა, ინკლუზიური და ჯანმრთელი საზოგადოება და განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში.

„მშვიდობის“ შესახებ საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად გაყინული მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა“.

თავის გამოსვლაში, ზურაბიშვილმა ენერგიის მდგრად ტრანზიციასა და რესურსების მართვაზეც ისაუბრა და აღნიშნა – „ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად, ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში“.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ნდობა და სოლიდარობა გადამწყვეტი იქნება ჩვენი საზოგადოებებისათვის, რათა ხვალინდელი დღისათვის საჭირო გამძლეობა განავითარონ“. მისივე თქმით, საქართველოს „დროული“ რეაგირება კოვიდ-19-ის პანდემიაზე შესაძლებელი გახდა „საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „მომავალი განვითარების ერთადერთი საშუალება და ძირითადი რესურსი ცოდნისა და უნარების მქონე მოქალაქეები არიან“. „ტოლერანტობა, რომელსაც ჩვენ, ქართველები ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობად მივიჩნევთ, ინტელექტსა და მორალურ სოლიდარობასთან ერთად, ის ღირებულებებია, რომლებმაც გაურკვევლობებით აღსავსე დროში გზა უნდა გაგვიკვალონ“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button