ახალი ამბები

ლავროვის ინტერვიუს საქართველოში აფასებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 17 სექტემბერს ტელეკომპანია RTVI-სთან საუბარში განაცხადა, რომ გამოჩნდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენასა და გაუმჯობესებას ემხრობიან. „ეს ჯერჯერობით პატარა პარტიებია მმართველ ელიტაში“, – თქვა მან.

ლავროვის ამ განცხადებას საქართველოში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

ქართული ოცნების დეპუტატმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თქვა, რომ ლავროვის განცხადება არის „სასაცილო“, ვინაიდან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, აუცილებელია რუსეთმა გადადგას ის ნაბიჯები, რაც გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ბერაიამ ნაციონალური მოძრაობის მთავრობა კომუნისტების შემდეგ „ყველაზე მეტი რუსული საქმის“ გაკეთებაში დაადანაშაულა.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ „პრობლემა არის არა პატარა პარტიები, არამედ დიდი. პარტია არ შეიძლება ამას ერქვას, დიდი ჯგუფი, რომელიც მთელ ქვეყანაში აკონტროლებს ყველა შტოს – ერთი კაცი – ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომლის მოქმედებებიც ჩვენ რუსეთთან მიმართებით ეკონომიკურად, პოლიტიკურად და უსაფრთხოების სფეროს [თვალსაზრისით] ბევრად უფრო დაუცველს გვხდის“.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, თამარ კეკენაძემ ლავროვის განცხადებას ცინიკური უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს დადანაშაულებით, იგი „მიზანმიმართულად ცდილობს აარიდოს რუსულ მხარეს პასუხისმგებლობა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაში“. „ქართველი ხალხი ნამდვილად ბრძენია და, შესაბამისად, კარგად არჩევს მტერსა და მოყვარეს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button