skip to content
ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნები“: პატრიოტთა ალიანსი ანტითურქულ სააგიტაციო ვიდეოებს ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2 სექტემბერს პატრიოტთა ალიანსის Facebook-ის გვერდზე განთავსებულ 6 საარჩევნო კლიპებზე რეაგირებისა და მათი შესწავლის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. ორგანიზაციის შეფასებით, ისინი „ანტითურქულ“ მოწოდებებს შეიცავს, „თურქეთის მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას“ ისახავს მიზნად, ასევე „რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს“ შეიცავს.

ორგანიზაციის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსის თითოეულ პოლიტიკურ რეკლამას თან სდევს წარწერები – „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“, ასევე პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი კი – შემდეგი მოწოდებებით გამოდის: „დაიცავი შენი წილი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. ვიმოქმედოთ, ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს“.

„სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, თითოეული რეკლამის საფასური 100-დან 200 აშშ დოლარამდე მერყეობს, ხოლო თითოეული რეკლამის გავრცელების პოტენციური მასშტაბი საარჩევნო ასაკის მილიონზე მეტ Facebook მომხმარებელს მოიცავს.

„სამართლიანი არჩევნები“ ყურადღებას პატრიოტთა ალიანსის იმ ანტითურქულ ბანერებზეც ამახვილებს, რომლებიც აჭარაში იყო განთავსებული და საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის კრიტიკის შემდეგ ჩამოხსნეს.

ორგანიზაციისვე შეფასებით, პატრიოტთა ალიანსის ვიდეორეკლამები პირდაპირ ეწინააღმდეგება „საარჩევნო კოდექსს“, აგრეთვე „შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან“ და „საფრთხეს უქმნის საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“.

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე განმარტავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობით აგიტაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

ორგანიზაცია მოუწოდებს:

  • ცესკო-ს – პარტიის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინოს და სასამართლოს წარუდგინოს;
  • პატრიოტთა ალიანსს – დაუყოვნებლივ აღკვეთოს ხსენებული ვიდეორგოლების გავრცელება და დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button