ახალი ამბები

ტელეკომპანიები „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების ამოქმედებას აპროტესტებენ

ტელეკომპანიები – „მთავარი არხი“, „კავკასია“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“, ასევე „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მაუწყებლებს „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვის“ მიზნით, დამატებითი ვალდებულებები ეკისრებათ.

ცვლილებებით, რომლებიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ მუშაობის ფარგლებში შემუშავდა და პირველი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს:

მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა;

  • მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას;
  • მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას;
  • მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით:
  1. 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე;
  2. 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე;
  3. 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;
  4. 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.

ამავე ცვლილებით, ის კრიტერიუმებიც განისაზღვრა, რომლებიც არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად მიიჩნევა და რომელთა გათვალისწინებითაც მაუწყებლებმა საპროგრამო ბადე უნდა დაგეგმონ. მათ შორისაა:

  • პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულება;
  • ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);
  • ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
  • თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას და სხვ.

ამ მოთხოვნათა დარღვევისთვის მაუწყებლებს კომისიამ, შესაძლოა, ლიცენზია შეუჩეროს.

მაუწყებლები 19 აგვისტოს გავრცელებულ მიმართვაში განმარტავენ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებით, სახელმწიფოს მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლის ბერკეტი ეძლევა.

მათივე თქმით, ახალი ჩანაწერი „სრულიად არაგანჭვრეტადი და ბუნდოვანია“. ამასთან, ისინი არც მის ინიციატორს განუმარტავს და შესაბამისი გზამკვლევი არც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეუმუშავებია.

ამდენად, ისინი პარლამენტსა კომისიას შეკითხვებით მიმართავენ და „ბუნდოვანი“ საკითხების მიმართ განმარტებას ითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button