ახალი ამბები

მთავრობა „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებს ერთჯერადად დაეხმარება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას 6 აგვისტოს განცხადებით, მთავრობა ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ (Frontera Resources) მიერ გათავისუფლებულ 84 თანამშრომელს ერთჯერადად – 1 200 ლარი დაერიცხებათ. ამ თანხას „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გადაიხდის.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, კომპანია „ფრონტერას“ გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ 17 თვის სახელფასო დავალიანება აქვს.

23 ივლისს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში „ფრონტერასთან“ ხანგრძლივი დავის მოგების მიუხედავად, ქვეყანა კომპანიასთან ხელშეკრულებას არ გაწყვეტს.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ ეტაპზე კომპანიასთან „საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაშია“ და გარკვეული ტექნიკური საკითხების შესათანხმებლად მზადება მიმდინარეობს.

იმის გათვალისწინებით, რომ „ფრონტერას“ საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად დაბრკოლებები აღარ აქვს, ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კომპანია ყოფილი თანამშრომლების მიმართ არსებულ სახელფასო დავალიანებას სრულად გაისტუმრებს.

აშშ-ში დაფუძნებული კომპანიის საქმიანობის გარშემო არსებულმა უთანხმოებამ გავლენა იქონია ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით, რამდენიმე ამერიკელმა კანონმდებელმა საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკული წერილები გამოუგზავნა, რომლებშიც ისინი აცხადებდნენ, რომ „ფრონტერა“  საქართველოს მხრიდან იდევნებოდა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button