ახალი ამბები

„ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას „დეზინფორმაციის“ გავრცელებაში ადანაშაულებს

ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადების საპასუხოდ, „ფრონტერა“ (Frontera Resources) აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „კონტრაქტისა“ და „არბიტრაჟის გადაწყვეტილების“ შესახებ „დეზინფორმაციის საჯარო კამპანია გააგრძელა“.

23 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში კომპანია მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის კაბინეტს შეწყვიტოს „გამიზნულად ცრუ, დამახინჯებული და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა“ და „სანაცვლოდ, გულწრფელი იყოს ხალხთან და უშუალოდ კომპანიასთან, რათა წინ წასწიოს ძირითადი პარტნიორობის ჭეშმარიტი სულისკვეთება“.

„ფრონტერას“ მტკიცებით, მათთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადების მიზანი „კომპანიის რეპუტაციის შელახვა“ და მათი საქმიანობის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელება იყო.

„ეს არის არაკეთილსინდისიერი ქმედების გაგრძელება, რათა შენიღბულად, ამერიკულ კერძო სექტორს დაუკარგონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების ინტერესი საქართველოში“, – აცხადებენ „ფრონტერაში“.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს. ჩაატაროს ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და სამუშაოების გასაგრძელებლად მოგვცეს გარანტია, რომ შეწყვეტს მუქარას, დაშინებას და ახალი პირობების წამოყენებას“, – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

მანამდე, 23 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში ხანგრძლივი დავის მოგების მიუხედავად, ქვეყანა კომპანიასთან ხელშეკრულებას არ გაწყვეტს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც მიესალმა.

აშშ-ში დაფუძნებული კომპანიის საქმიანობის გარშემო არსებულმა უთანხმოებამ გავლენა იქონია ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით, რამდენიმე ამერიკელმა კანონმდებელმა საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკული წერილები გამოუგზავნა, რომლებშიც ისინი აცხადებდნენ, რომ „ფრონტერა“ საქართველოს მხრიდან იდევნებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button