skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ „7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც დღემდე განსაცდელში რჩებიან“.

საელჩო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას „უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“ და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ათასობით დევნილისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში „უსაფრთხოდ და ღირსეულად“ დაბრუნებისთვის „არსებითად მნიშვნელოვანია“.

„2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა“, – აცხადებენ საელჩოში.

„გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა“- ხაზს უსვამს საელჩო და დასძენს: „რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას“.

ამავე განცხადებით, „ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია“.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button