Placeholder canvas
ევროპა

კადიროვის აჩრდილი ევროპაში: ვენაში ჩეჩენი ბლოგერი მოკლეს

ავტორი: სალომე სალაძე

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობიდან ერთი წელიც არ გასულა და 4 ივლისს, ამჯერად ვენის მახლობლად, ერთ-ერთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრთან ახლოს, საკონტროლო გასროლით რამზან კადიროვის კიდევ ერთი კრიტიკოსი, 43 წლის ჩეჩენი ბლოგერი მამიხან უმაროვი მოკლეს.

პოლიციამ მკვლელი ცხელ კვალზე, რამდენიმე საათში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ქალაქ ლინცში აიყვანა. ავსტრიის პრესის სააგენტოს (APA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორ დღეში, 6 ივლისს, ავსტრიის პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, ასევე რუსეთის მოქალაქე, რომელიც მომხდარის ადგილას იმყოფებოდა. მკვლელობაში, სავარაუდოდ, ეს მეორე ადამიანიც მონაწილეობდა.

ვინ იყო მამიხან უმაროვი?

ყოფილმა პოლიციელმა, მამიხან უმაროვმა ჩეჩნეთი 2005 წელს დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი ავსტრიას სთხოვა, იმ მოტივით, რომ კადიროვის გარემოცვისგან მის სიცოცხლეს საფრთე ემუქრებოდა. ავსტრიამ მოთხოვნა 2007 წელს დააკმაყოფილა და უმაროვს ქვეყანაში ცხოვრების უფლება მისცა.

უმაროვი ჩეჩნურ დიასპორაში ფრიად აქტიური და ცნობილი პირი იყო, რომელსაც იცნობდნენ მეტსახელით „ანზორი ვენიდან“ (Ansor aus Wien) . უმაროვს სოციალურ ქსელ იუთუბზე (YouTube) საკუთარი გვერდი ჰქონდა, სადაც აქვეყნებდა ვიდეოებს, რომლებშიც ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს მიმართავდა და ბრალს სდებდა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩნების შეკვეთილ მკვლელობებში. უმაროვი მწვავედ აკრიტიკებდა კადიროვსა და რუსეთის პოლიტიკას და თავისი ვიდეოებში სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა ჩეჩნეთის ლიდერის ოჯახის წევრებსა და გარემოცვას.

დღეისათვის უმაროვის იუთუბის გვერდზე სულ 30 ვიდეო იძებნება. ბოლო ვიდეო ჩეჩენმა ბლოგერმა მკვლელობამდე 2 დღით ადრე, 2 ივლისს გამოაქვეყნა.

გარდა ამისა, უმაროვი დაახლოებული იყო  2009 წელს ვენაში კადიროვის დაკვეთით მოკლულ კიდევ ერთი ჩეჩენთან, უმარ ისრაილოვთან. როგორც ჩეჩნურ დიასპორაში აღნიშნავენ, უმაროვი ბოლო ხანებში ხშირად ამბობდა, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ.

მკვლელობის მოტივი

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ანტიტერორისტული ცენტრის განყოფილების უფროსმა, როლანდ შერშერმა (Roland Scherscher), 5 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მკვლელობის რამდენიმე სავარაუდო მოტივზე მუშაობენ, მათ შორისაა – პოლიტიკური დაკვეთა ან პირადი შუღლი. თუმცა, ავსტრიის პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტით ვერაფერს ამბობენ.

ავსტრიული პრესა – მაგალითად, გამოცემები „შტანდარტი“ („der standard“), „კურიერი“ („Kurier“), „კრონენ ცაითუნგი“ („Kronen Zeitung“), „ზალცბურგერ ნახრიხთენი“ („Salzburger Nachrichten“) და სხვები – თავიანთ სტატიებში ძირითადად შეკვეთილ მკვლელობაზე საუბრობენ, რომელიც სავარაუდოდ, მსხვერპლის მიერ კადიროვის კრიტიკას მოჰყვა.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა (Karl Nehammer) 5 ივლისის პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აქტიურად იძიებენ, იყო თუ არა ეს შეკვეთილი მკვლელობა და თუ კი ასეა, ვინ დგას მის უკან.

მისივე განცხადებით, მას ნულოვანი ტოლერანტობა გააჩნია იმ ძალადობრივი ჯგუფების მიმართ, რომლებიც ამგვარად ცდილობენ ავსტრიაში, სამართლებრივ სახელმწიფოში, სხვა ადამიანებთან უთანხმოების მოგვარებას. ნეჰამერის თქმით, ასეთი რადიკალური ჯგუფები და ადამიანები უმკაცრესად დაისჯებიან.

კადიროვის აჩრდილი ევროპაში

საიდუმლოს არავისთვისაა, რომ კადიროვის კრიტიკისთვის ადამიანებს სჯიან როგორც ჩეჩნეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ბოლო წლებში ერთი და იმავე ხელწერით, საზღვარგარეთ კადიროვისა და მისი პოლიტიკის მოკრიტიკე რამდენიმე ჩეჩენი მოკლეს. თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ჩეჩენი აქტივისტის, იმრან ალიევის მკვლელობა საფრანგეთში, ქალაქ ლილში.

ასევე, შეგვიძლია მოვიგონოთ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში. მკვლელობის კვალს რომ კადიროვთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან მივყავართ, ამის შესახებ ოფიციალურმა ბერლინმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა.

საფრანგეთშივე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა კიდევ ერთი ჩეჩენი ბლოგერი, კადიროვის აქტიური კრიტიკოსი ტუმსო აბდურაჰმანოვი.

ავსტრიაში მომხდარი ეს მკვლელობაც არ იყო პირველი, რომელიც კადიროვის სახელს უკავშირდება. ჯერ კიდევ 2009 წელს, ვენის 21-ე უბანში, ფლორიდსდორფში (Floridsdorf), ადამიანის უფლებათა დამცველი ჩეჩენი აქტივისტი, 27 წლის უმარ ისრაილოვი მოკლეს.  ისრაილოვი კადიროვის დაცვის ყოფილი წევრი და შემდგომში მისი დიდი კრიტიკოსი იყო. მას კადიროვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელიც ჰქონდა შეტანილი, რომელშიც ჩეჩენ ლიდერს მოწინააღმდეგეთა მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებდა.

ავსტრიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მცხოვრებმა ისრაილოვმა რამდენჯერმე გააფრთხილა ავსტრიული პოლიცია, ჩემზე რამზან კადიროვი შურისძიებას აპირებსო. მან ავსტრიას სახელმწიფო დაცვის დანიშვნაც სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. სულ ცოტა ხნის შემდეგ, მაღაზიიდან გამოსული ისრაილოვი ორმა თავდამსხმელმა მოკლა. ავსტრიის პოლიციამ ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა და გამოძების შედეგად დაადგინა, რომ პოლიტიკური დაკვეთით ჩადენილი მკვლელობის უკან ჩეჩნეთის ლიდერი იდგა.

ჩეჩნური დიასპორა შიშის პირისპირ

ემიგრაციაში მცხოვრებმა ჩეჩნებმა სამშაბათს ვენაში საპროტესტო აქცია გამართეს, რუსეთის საელჩოს წინ, მოთხოვნით „დასრულდეს შეკვეთილი მკვლელობები“. აქციის მონაწილეთა თქმით, მიუხედავად ევროპის ამ უსაფრთხო ქვეყნებში ცხოვრობისა, მათ მოკვლის ყოველდღე ეშინიათ. არცაა გასაკვირი, თუკი ამ ბოლო წლების ტრაგიკულ ქრონიკას გადავხედავთ.

ჩეჩნური დიასპორის ამ შიშსა და ჩეჩნეთის ახლანდელ მთავრობასთან დაპირისპირებული ადამიანების მკვლელობის მოტივებზე დაუფარავად საუბრობს ავსტრიაში ჩეჩნური სათვისტომოს ხელმძღვანელი და იჩქერიის წარმომადგენელი ჰუსეინ ისხანოვი. ისხანოვი ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ადიუტანტი გახლდათ. წლების წინ, მას თავადაც მოუწია ჩეჩნეთის დატოვება და ავსტრიისთვის თავშესაფრის თხოვნა.

პირად საუბარში, კითხვაზე, თუ ვის კვალს ხედავს მკვლელობის უკან, ჰუსეინი გვპასუხობს: „ევროპაში ჩეჩნების მკვლელობებს ჩეჩნეთის ახლანდელი პრეზიდენტი კადიროვის უკვეთავს, თავად მკვლელობის შეკვეთების შემსრულებლად კი რუსეთის უშიშროება გვევლინება. მამიხანის მკვლელობა საშინელებაა. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ეს ამბავი ჩემთვის მოულოდნელი იყო. ადამიანი, რომელიც ჩეჩნეთში არსებული პრორუსული მთავრობის კრიტიკოსი იყო, შუაგულ ქალაქში, საკონტროლო ტყვიით გამოასალმეს სიცოცხლეს“.

ისხანოვს, როგორც იჩქერიის წარმომადგენელს და ავსტრიაში ჩეჩნური დიასპორის ხელმძღვანელს, ისიც ვკითხე, მსგავსი შემთხვევების შემდეგ თავად თუ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. ისხნანოვმა თქვა: „ყველაზე უსაფრთხო ევროპული ქვეყნებიც კი  ვერ ახერხებენ, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება, ამიტომაც, ყველა ჩეჩენს შიშის ქვეშ გვიწევს ცხოვრება… ჩემთვის ნათელია, რომ მკვლელობას პოლიტიკური სარჩული აქვს და მამიხანის მკვლელობა გაფრთხილებაა ყველა ჩვენგანისთვის, რომ გავჩუმდეთ. ამ მკვლელობის შემდეგ, ავსტრია ვალდებულია, უფრო მეტად დაგვიცვას, რომ ჩვენ არ ვიყოთ რუსეთის მთავრობის მომდევნო მსხვერპლი. მსგავსი ფორმით ევროპაში 20-ზე მეტი ჩეჩენი მოკლეს. ეს უნდა დასრულდეს!“

ისხანოვის თქმით, ავსტრიის სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ პარტიებს, რომელთაც ჩეჩნეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობები აქვთ. ამ შემთხვევაში მან ავსტრიის მემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების პარტია“ (FPÖ) იგულისხმა, რომლის ზოგ წევრსაც თურმე პირადი ურთიერთობა აქვს კადიროვთან. ავსტრიელი პოპულისტები 2012 წელს კადიროვთან სტუმრადაც კი იმყოფებოდნენ.

ბოლოთქმის მაგიერ

ბოლო 20 წლის განმავლობაში ათასობით ჩეჩენმა დატოვა სამშობლო და თავშესაფარი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოითხოვა. ავსტრიაში ამ დროისათვის რამდენიმე ათასი ჩეჩენი ცხოვრობს. მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, რადგანაც ჩეჩნები რუსეთის პასპორტს ფლობენ და, შესაბამისად, ავსტრიის სტატისტიკის სამსახური მათ რუსეთის სხვა მოქალაქეებთან ერთად აღრიცხავს. ავსტრიაში რუსეთის დაახლოებით 33 000 მოქალაქე ცხოვრობს.

მსგავსი/Related

Back to top button