skip to content
ახალი ამბები

ტოივო კლაარმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარმა, რომელიც 1-6 ივნისს თბილისს სტუმრობდა, განაცხადა, რომ „საქართველოს ოფიციალურ პირებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო წარმომადგენლებთან ხუთი დღის განმავლობაში ძალიან სასარგებლო დისკუსიები ჰქონდა“.

კლაარის ვიზიტი საქართველოში იმ დროს გაიმართა, როდესაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი, რომლის თანათავმჯდომარე თავადაცაა, კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო.

3 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე მხარეებმა პანდემიის პირობებში ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება განიხილეს.

შეხვედრაზე ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა „რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესზე, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვაზე, თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვაზე, რასაც ახალგორის რაიონში არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“.

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა ტოივო კლაარმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან შეხვედრებზე.

მანამდე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისს, ცხინვალსა და მოსკოვს თებერვალში სტუმრობდა, სადაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კიდევ ორ თანათავმჯდომარესთან გაეროდან და ეუთოდან – ჯიჰან სულთანოღლუსთან და რუდოლფ მიხალკასთან ერთად შეხვედრები გამართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button