Placeholder canvas
ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების მიღებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ (TIG) 1 ივლისს, პარლამენტის მიერ რეგლამენტში მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა ორგანიზაციის შენიშვნების „უმეტესობა“ გაიზიარეს, თუმცა „პრობლემური“ საკითხები კვლავ რჩება.

პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა ცხრიდან ხუთამდე შემცირდა. ამასთან, პოლიტიკურ დებატებში ფრაქციების გამოსვლის მინიმალური დრო 15 წუთით განისაზღვრა (მაქსიმალური 75 წუთი) გაიზარდა. აგრეთვე, ახალი რეგლამენტით, ფრაქციის შექმნის უფლება 6-ის ნაცვლად, უკვე 7 დეპუტატს ექნება. ასევე, ფრაქციის გარეთ დარჩენილი დეპუტატის სტატუსი დამოუკიდებელის ნაცვლად, უფრაქციო იქნება. უქმდება საპარალმენტო უმცირესობის ცნებაც და სხვ.

1 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დადებითად აფასებს, რომ ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, ახალი რეგლამენტით:

  • სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკით შესულ დეპუტატებს საერთო ფრაქციის შექმნის უფლება ექნებათ;
  • საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიას დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნა პარლამენტში 7 მანდატის მიღების შემთხვევაში შეეძლება;
  • ფრაქციის შექმნის უფლება დამოუკიდებელ მაჟორიტარებსაც დარჩებათ და სხვ.

აღნიშნულის პარალელურად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლავ პრობლემურად მიიჩნევს, რომ ახალი რეგლამენტით:

  • საპროკურორო საბჭოში კვოტები გაუქმდა და პარლამენტმა კენჭი ოპოზიციის კანდიდატსაც უნდა უყაროს;
  • უფრაქციო დეპუტატების სიტყვით გამოსვლის დრო 5-დან 3 წუთამდე შემცირდა;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატს დამოუკიდებელი დეპუტატები ვეღარ დაასახელებენ.

რეგლამენტი ძალაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე შევა.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტის შესახებ ანალიზი 5 ივნისსაც გამოაქვეყნა. მაშინ ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button