ახალი ამბები

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა დაასრულა

საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ექვსთვიანი ვადა დაასრულა.

15 მაისს, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად საბერძნეთს გადააბარა.

საქართველო, რომელიც ევროპის საბჭოში 41-ე წევრად 1999 წლის 27 აპრილს გაწევრიანდა, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გასული წლის ნოემბერში გახდა და მან ამ პოსტზე საფრანგეთი ჩაანაცვლა. მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ექვს თვეში ერთხელ, ინგლისური ანბანის მიხედვით, წევრების წარმომადგენლები რიგრიგობით იკავებენ.

ახალი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს შორის იყო: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება და დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც საქართველოს თავმჯდომარეობის შედეგები წარმოადგინა, განაცხადა, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე, ქვეყანას „ურთულეს პერიოდში“ მოუწია მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა.

„ეს იყო ძალიან სერიოზული გამოწვევა მთლიანად მსოფლიოსთვის და ბუნებრივია ამ ორგანიზაციისთვის. ამიტომ, ჩვენ ახლებური მეთოდებით განვაახლეთ მუშაობა და მიუხედავად ამ სირთულისა და გამოწვევისა, ორგანიზაციას ერთი დღით არ შეუწყვეტია ფუნქციონირება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანი მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში PACE-ს სესიაზე სიტყვით გადმოვიდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, საქართველოს მიერ მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა წარმატებული იყო და რომ საერთაშორისო დონეზე ქვეყანამ მაღალი შეფასებები მიიღო.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს თავმჯდომარეობამ „რიგი ღონისძიებები განახორციელა მნიშვნელოვან სფეროებში, დაწყებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობით და დამთავრებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულებით, განათლების და ახალგაზრდობის საკითხებით“.

ბურიჩმა თქვა, რომ კორონავირუსის პანდემია „იყო და რჩება ყველა ჩვენთაგანისთვის მთავარ გამოწვევად“. თუმცა, მისი თქმით, „საქართველოს თავმჯდომარეობამ ეს გამოწვევა ძალიან ეფექტურად მართა და ორგანიზაციის მუშაობის ახალ მეთოდებს დაუჭირა მხარი“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დაემსმა აღნიშნა, რომ 20 წლის წინ, საქართველო ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდა და „ჩვენთან ერთად იცავს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას“.

https://twitter.com/PACE_President/status/1261278470103093251?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1261278470103093251&ref_url=https%3A%2F%2Fcivil.ge%2Farchives%2F352089

მისი თქმით, საქართველომ ექვსთვიანი თავმჯდომარეობის დროს, შესანიშნავად იმუშავა, რადგანაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე, „მინისტრთა კომიტეტის მართვა ადვილი არ არის“.

ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა მეგლენა კუნევამ განაცხადა, რომ საქართველომ „ძლიერი ლიდერობა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა“ აჩვენა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button