skip to content
ახალი ამბები

ეუთომ საქართველოში ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ეუთომ 6 მაისს ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ადამიანებით ვაჭრობის საკითხის დეტალური შეფასებაა მოცემული.

ანგარიში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა და კოორდინატორმა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ველიანთ რიჩიმ  საქართველოში 2019 წლის 17-19 ივნისის ვიზიტის შემდეგ მოამზადა.

დოკუმენტი სპეციალური წარმომადგენლის ძირითად დასკვნებს და რეკომენდაციებს ასახავს, ასევე ტრეფიკინგის პოტენციულ წყაროებს ადგენს და ყურადღებას ეუთოს საუკეთესო პრაქტიკაზე ამახვილებს.

„საქართველო ადამიანთა ტრეფიკინგის წყარო, ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანაა“, – განაცხადა სპეციალურმა წარმომადგენელმა იმ მონაცამებისა და ინფორმაციის საფუძველზე, რომლებიც მან ქვეყანაში ვიზიტის დროს შეაგროვა.

ქალები, ბავშვები, მიგრანტების შრომა – ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები

„ადამიანთა ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომის თვალსაზრისით, ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორი ყველაზე მაღალი რისკის სექტორებს შორისაა“, – ნათქვამია ანგარიშში. ეუთოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „კომერციული სექსინდუსტრია“ – რომელიც მჭიდრო კავშირშია ტურისტულ ინდუსტრიასთან – „ადამიანთა ტრეფიკინგის ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია“.

დოკუმენტში საუბარია აჭარაში გასართობი დაწესებულებების მზარდ რაოდენობაზე, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან (განსაკუთრებით უზბეკეთიდან) ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების სექსუალური ექსპლოატაცია ხდება.

„ეს ქალები საქართველოში სტუმართმოყვარეობის სექტორში დასაქმების დაპირებით მოტყუებით მოჰყავთ და ხშირად ისინი აჭარის რაიონსა და თურქეთთან საზღვარზე მდებარე ტურისტულ ზონებში მდებარე საუნებში, ღამის ბარებში, მოტელებსა და კერძო სახლებში სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლნი ხდებიან“, – წერს სპეციალური წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ქართველი ქალები, სექსუალური ექსპლოატაციისთვის, სავარაუდოდ, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადაჰყავთ.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში, გავრცელებული ინფორმაციით, ექსპლოატაციის მიზნით ბავშვების ტრეფიკინგსაც აქვს ადგილი. „გარდა იმისა, რომ მშობლები მათ ქუჩაში მათხოვრობას აიძულებენ“, მაღალი რისკია იმისა, რომ ბავშვების ტრეფიკინგი სექსუალური ექსპლოატაციის, მათ შორის, პროსტიტუციის მიზნით მოხდეს.

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევისა“, ბავშვთა ტრეფიკინგი და ექსპლოატაცია კვლავ პრობლემად რჩება, რასაც „გადაუდებელი ქმედება“ ესაჭიროება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო ტრეფიკინგის აღკვეთის, ასევე პრობლემის მასშტაბის დასადგენად ქვეყნის მასშტაბით კვლევის ჩატარების გზით.

ანგარიშის თანახმად, შრობითი ექსპლოატაციის მიზნით, ქართველი კაცების ტრეფიკინგი თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ერაყსა და კვიპროსში ხორციელდება. იმავდროულად, პოლონეთი ახალი დანიშნულების ქვეყანაა, სადაც იძულებითი შრომისთვის ასევე ხორციელდება ქართველი კაცების ტრეფიკინგი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კერძო დასაქმების სააგენტოების საქმიანობა, რომლებიც ქართველებს საზღვარგარეთ დასაქმებას სთავაზობენ, ხოლო მიგრანტი მუშახელი საქართველოში ჩამოჰყავთ, რისკფაქტორს შეიცავს.

ტრეფიკინგის საქმეების გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა

ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს სამართალდამცველი სტრუქტურების საერთაშორისო პარტნიორ სახელმწიფოებთან  თანამშრომლობას მიესალმა.

იმავდროულად, მან სექსუალური ექსპლოატაციის ონლაინბაზრების გამოსავლენად და იმ ონლაინ პლატფორმების დასადგენად, რომლებიც შრომითი ექსპლოატაციისთვის ადამიანების მოზიდვას უწყობს ხელს შესაბამის სტრუქტურებს შორის „უფრო მჭიდრო და ძლიერი“ თანამშრომლობის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხშირად ადამიანთა ტრეფიკინგის საქმეების გამოძიებას ის ფაქტი აფერხებს, რომ მსხვერპლებს თვითიდენტიფიცირება არ სურთ. მან იმ სტრატეგიისა და ტაქტიკის მოძიების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მსხველპთა ჩვენებების მიღმა არსებული მტკიცებულებების შეგროვებას დაეხმარება.

ეუთოს წარმომადგენელმა  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ჩართულ საპოლიციო სტრუქტურებს მოუწოდა გააძლიერონ ძალისხმევა, რათა „ექსპლოატაციისკენ ორიენტირებულ ყველა სექტორში გამოძიება პროაქტიულად დაიწყონ“.

მან სამართალდამცველ სტრუქტურებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებებს იყენებდნენ და მოწყვლადი პირების სექსუალური ექსპლოატაციის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებას უწობდნენ ხელს.

საკანონმდებლო ბაზა

სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძლიერი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ადამიანთა ტრეფიკინგის აღკვეთასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

მან ქვეყანა ადამიანთა ტრეფიკინგის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონვენციებში წევრობის გამოც შეაქო.

ეუთოს წარმომადგენელი ასევე მიესალმა ცვლილებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რამაც ტრეფიკინგთან დაკავშირებული „ექსპლოატაციის მიზნებისა“ და „საშუალებების“ სია კიდევ უფრო გააფართოვა. მისი თქმით, ამგვარმა „ფართო“ განსაზღვრებამ ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის დანაშაულთან ბრძოლისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა.

თუმცა, მან ასევე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ კანონის შესაბამისი დებულებების განხორციელებით, პროსტიტუციის მიზნით უცხოელი ქალების ტრეფიკინგის, ასევე მათხოვრობის მიზნით მცირეწლოვანთა ტრეფიკინგის საკითხები მოაგვაროს.

ხელისუფლების რეაგირება და ხარვეზები

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ, იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ჰარმონიზაციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 2006 ჩამოაყალიბა.

მიესალმა რა ხსენებული სტრუქტურის საქმიანობას, სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებიც სექსუალურ და შრომით ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლიან, კერძოდ კი – უცხოელი მოქალაქეების ექსპლოატაციას.

„გარდა ამისა, საჭიროა სპეციალური სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხის განხილვა, ადამიანებით ვაჭრობაში ტექნოლოგიების როლის შესასწავლად და მიწოდების ჯაჭვებსა და სახელწიფო შესყიდვებში ტრეფიკინგის აღსაკვეთად“, – განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა.

მან ხაზი გაუსვა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების დამოუკიდებელი მონიტორინგისა და შეფასების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებულ ინსტიტუტებში „ადამიანური რესურსების ნაკლებობა“ ხშირად არსებული ვითარების „რეგულარურ და აქტიურ“ მონიტორინგს და დეტალურ შეფასებას აფერხებდა.

ანგარიშის თანახმად, „ყოვლისმომცველი მონაცემების“ ნაკლებობამ საქართველოში ადამიანთა ტრეფიკინგის ზუსტი მასშტაბების დადგენა გაართულა. 

რეკომენდაციები

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს რეკომენდაციით მიმართა, რომ ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გასაორმაგებლად ქვემოთ მოცემულ სამართლებრივ აქტებს მოაწეროს ხელი და მათი რატიფიცირება მოახდინოს:

  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189-ე კონვენცია ადგილობრივი მუშახელისთვის ღირსეული სამუშაოს შესახებ;
  • იძულებითი შრომის შესახებ 1930 წლის კონვენციის 2014 წლის ოქმი;
  • შრომითი მიგრანტების და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენცია.

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ დამოუკიდებელი ეროვნული მომხსენებლის სამსახური ჩამოაყალიბოს და ხელი შეუწყოს ადამიანთა ტრეფიკინგის სხვადასხვა ფორმების კვლევებს, მათ შორის, სექსინდუსტრიაში ჩართული ქალების, ასევე მშენებლობის, სტუმართმოყვარეობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში ჩართული მიგრანტი მუშების ტრეფიკინგის შესწავლას.

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა მოუწოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის სტრუქტურებს, რომ სათანადო მონიტორინგი განახორციელონ და თაღლითური სქემების აღსაკვეთად, კერძო დამქირავებლების საქმიანობა უფრო მკაცრად გააკონტროლონ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ეუთოს რეკომენდაცია საქართველოს მიმართ, რომ პოლიტიკის შემუშავებისას მხედველობაში მიიღოს, თუ რამდენად სათანადოდ ითვალისწინებენ ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურები ტრეფიკინგის რისკებს შესაბამისი მიწოდების ჯაჭვებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button