skip to content
ახალი ამბები

საქართველო ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ აშშ–ის ანგარიშში

საქართველოს ხელისუფლება „სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს“, თუმცა ქვეყანა კვლავ რჩება სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით და იძულებითი შრომის თვალსაზრისით, ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროდ, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყნად, ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ 28 ივნისს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში.

ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშში, რომელიც 2017 წლის მოვლენებს მოიცავს, საქართველო სამჯგუფიან სისტემაში პირველ ჯგუფში მოხვდა, რომელიც, მართალია, იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ დგას, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს.

ანგარიშის თანახმად, ქალები და გოგონები საქართველოდან, ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში და გარკვეულწილად, ჩინეთში და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. როგორც მამაკაცები, ისე ქალები იძულებითი მუშაობის მსხვეპლნი ხდებიან საქართველოში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებული საამიროებში, ეგვიპტეში, კვიპროსში და ერაყში. ქართველ, ბოშა და ქურთ ბავშვებს საქართველოში იძულებით მათხოვრობას, ან დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობას აიძულებენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ „სერიოზული და მტკიცე“ ძალისხმევა განახორციელა, კერძოდ განაახლა ინსტრუქციები სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის, მათ შორის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და მოპყრობის თვალსაზრისით.

დოკუმენტის თანახმად, კვლავ არასათანადოდ ხორციელდება იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომელთა ექსპლოატაციაც ხდება ქუჩებში. ასევე, არ არის იდენტიფიცირებული ის ქართველი და უცხოელი მუშახელი, რომელსაც სავალალო შრომის პირობები აქვს. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ შრომის ინსპექცია გაურკვეველი მანდატით მუშაობს და დამსაქმებელთა შემოწმების შეზღუდული შესაძლებლობი აქვს.

ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ძალისხმევის განხორციელება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ დევნილები ოკუპირებული რეგიონებიდან „განსაკუთრებით მოწყვლად მოსახლეობად მიიჩნევიან ტრეფიკინგთან მიმართებით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button