Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“

„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, საქართველო 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ 117 ქვეყანას შორის კვლავ მე-5 ადგილზეა. ქვეყანამ 100 შესაძლებელი ქულიდან 81 ქულა მიიღო, რაც 2017 წელთან შედარებით, უმნიშვნელო – ერთპუნქტიანი გაუარესებაა.

„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა“ 117 ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭირვალობის, ბიუჯეტზე ზედამხედველობის ინსტიტუტებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციაზე საზოგადოების წვდომის შესახებ შეფასებებს ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს.

„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობისთვის“ კვლევას 2012 წლიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ ატარებს და ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესს აფასებს.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად 109 სხვადასხვა ინდიკატორია გამოყენებული და თითოეული ქვეყანა 0-დან 100-მდე შკალითაა შეფასებული. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო გამჭირვალეა ქვეყნის ბიუჯეტი. 61 ან უფრო მაღალი ქულა იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა საბიუჯეტო საკითხებზე ინფორმირებული საჯარო განხილვების მხარდასაჭერად საკმარის მასალას აქვეყნებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის ანგარიში მხოლოდ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, ასევე იმ მოვლენებს და საქმიანობებს აფასებს, რომელთაც 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჰქონდა ადგილი.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თქმით, ერთპუნქტიანი გაუარესება ძირითადად „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ მხრიდან რამდენიმე საკითხის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია.

ანგარიშის თანახმად, რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტი, რომელთა საზოგადოებისთვის დროული ხელმისაწვდომობა ფასდება, შემდეგია: ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები; სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი; სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი; მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი; სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები; სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში; სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულები სანგარიში და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

IBP-ის ინფორმაციით, 2017 წლიდან საქართველომ აუდიტის ანგარიშში შემაჯამებელი მიმოხილვის დამატებით, ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა. თუმცა, ქვეყანამ „წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში წინა საბიუჯეტო წლის ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის, რომელიც წინა წლებში ბიუჯეტის ცვლილებების დოკუმენტში ყოველთვის მოცემული იყო, შემცირებით“, საჯაროდ ხელმისაწვდომი საბიუჯეტო ინფორმაციის მოცულობა შეამცირა.

რაც შეეხება სხვა კრიტერიუმებს, საბიუჯეტო პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის კუთხით, საქართველოს 28 ქულა, ხოლო ბიუჯეტის კონტროლის კუთხით – 82 ქულა აქვს.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ აცხადებს, რომ საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობის თვალსაზრისით, საქართველოს გამოწვევები კვლავ აქვს.

IBP ურჩევს საქართველოს, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად, აუდიტის კონტროლის გასაძლიერებლად და საბიუჯეტო პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გასაზრდელად პრიორიტეტად შემდეგი ქმედებები დაისახოს:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს უნდა ჩაემატოს ინფორმაცია ფისკალური რისკების შესახებ, მაგალითად, ინფორმაცია სახელმწიფო საწარმოებისთვის გადაცემულ ტრანსფერებზე, მათ კვაზი-ფისკალურ საქმიანობასა და საბიუჯეტო წლის საგადასახადო დანახარჯებზე; 
  • ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს მიმდინარე წლის ბოლომდე მოსალოდნელი შემოსავლების შესახებ განახლებული მონაცემები და მათი შედარება თავდაპირველ პროგნოზებთან; 
  • უნდა დანერგოს საპილოტე მექანიზმები სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმულირების და ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგის დროს საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად; 
  • პროცესში აქტიურად ჩართოს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები პირდაპირი გზით ან მათი ინტერესების წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მეშვეობით; 
  • აუდიტის პროცესის შესწავლა და შეფასება დამოუკიდებელი უწყების მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button