ახალი ამბები

პროკურატურამ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს ბრალი დაუმძიმა

გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ს.გ.-ს შუა ხნის ქალის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე წარდგენილი ბრალი დაუმძიმა და განზრახ მკვლელობის მუხლით გადაუკვალიფიცირა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისში, ბრმად ნასროლმა ტყვიამ შუა ხნის ქალის სიცოცხლე 19 აპრილს, საღამოს, კომენდანტის საათის პერიოდში იმსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, იგი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საკუთარ სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, მას მოპირდაპირე კორპუსის აივნიდან ნასროლი ტყვია თავის არეში მოხვდა და გარდაიცვალა.

პროკურატურის მიერ 21 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ 19 აპრილს,  ბრალდებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ საკუთარი საცხოვრებელ ბინის აივანზე იმ დროს გავიდა, როდესაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე სახლებში იმყოფებოდა და „კუთვნილი ,,ვიკინგ“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან“ საცხოვრებელი კორპუსების მიმათულებით რამდენჯერმე გაისროლა.

„შედეგად, ს.გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში  მყოფ- თ.ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურაში ასევე განმარტაავენ, რომ ს.გ. გასროლის მომენტში საცხოვრებელ ბინაში მარტო იმყოფებოდა და მასთან სტუმრად მყოფმა პირებმა მისი ბინა სროლამდე „რამდენიმე ხნით ადრე“ დატოვეს. „[აღნიშნული] დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხვისას, როგორც თავად აღნიშნულმა სამმა პირმა, ასევე საცხოვრებელი კორპუსის დატოვების ფაქტი ასახულია  კორპუსზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით“, – დასძენენ საგამოძიებო უწყებაში.

თავდაპირველად, პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და სასჯელის სახით ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button