ახალი ამბები

არასამთავრობოებისთვის არსებულ პირობებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა „დაუშვებელია“

Tags

16 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TIG), „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), 3 აპრილს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისთვის ჩანიშნულ სხდომას ეხმაურება და აცხადებს, რომ „საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, საკითხის განხილვა „დაუშვებელია“.

3 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობოები აცხადებენ, რომ „მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ კიდევ ინარჩუნებს საზოგადოების მხრიდან ნდობასა და ავტორიტეტს, მოსამართლის არსებულ გარემოებებში და დახურულ კარს მიღმა დანიშვნა, უარყოფითად იმოქმედებს როგორც თავად დანიშნული მოსამართლის, ისე მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციაზე“.

მათი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა გასული წლის დეკემბერში ამოეწურა, თუმცა „უზენაესმა სასამართლომ კანონის მოთხოვნისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე არ დანიშნა“.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში პლენუმის სხდომის აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად დანიშვნა, შესაძლოა მოტივირებული იყოს არა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, არამედ პროცესზე საზოგადოებრივი მეთვალყურეობის თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებენ უფლებადამცველები.

ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ, „არ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანამ, სანამ ქვეყანაში არ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და ქვეყანა არ დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება დანიშვნის პროცესის საჯაროობა, გამჭვირვალობა და პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება“.

საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით გამწესებული 9 მოსამართლისაგან შედგება, მათგან სამს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ნიშნავს. კანდიდატს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებს. გადაწყვეტილების მისაღებად დამსწრეთა 2/3-ია საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წლის დეკემბერში მოსამართლე მაია კოპალეიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანტური ადგილის შესავსებად უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა 31 მარტს იყო ჩანიშნული, თუმცა, მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ სხდომა ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button