skip to content
ახალი ამბები

საია უზენაესი სასამართლოს პლენუმს დღევანდელი სხდომის გადადებისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დღეს, 15:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ ვაკანტურ პოზიციაზე მოსამართლის დანიშვნისთვის დაგეგმილ სხდომას ეხმაურება და პლენუმს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

30 მარტს გავრცელებულ განცხადებაში „საია“ განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური 2019 წლის 5 დეკემბერიდან არის და „არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქამდე ვერ მოხერხდა უზენაეს სასამართლოში შესაბამისი სხდომის ჩანიშვნა და მხოლოდ დღეს საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩაინიშნა“. ორგანიზაციის განმარტებით, „ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლოს მესვეურების კეთილსინდისიერებას“.

„იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას, როცა პანდემიის გავრცელებისგან შეჩერების მიზნით სასამართლო სხდომებიც კი ელექტრონულად მიმდინარეობს, პლენუმის სხდომის ჩანიშვნა, გაუგებარია“, – აცხადებენ „საია“-ში.

ორგანიზაციაში ასევე ხაზს უსვამენ, რომ ამგვარ სიტუაციაში „საკითხის გარშემო ჯეროვანი დისკუსიის გამართვა“ შეუძლებელია, ხოლო „სხდომის ფორმალურად ღიაობა ვერ შეავსებს საჯარო მსჯელობის იმ დეფიციტს, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ამ პირობებში დანიშვნა წარმოშობს“.

„ეს ქმედება მმართველი გუნდისა და კლანის მიერ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე საკუთარი გავლენის კიდევ უფრო განვრცობას ემსახურება“, – განმარტავენ „საია“-ში და იქვე პლენუმს პროცესის განახლების შემდეგ, „კენჭისყრამდე გონივრული დროით ადრე“, კანდიდატის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებენ.

საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში სხდომის ჩატარება მართებული არ არის.

„ყველა ფოკუსირებულია, რომ დარჩეს სახლში და აქ კი მთელი უზენაესი სასამართლო უნდა შეიკრიბოს, რომ ერთ-ერთი კოლეგა დააწინაუროს, რა მაგალითი უნდა ნახოს ხალხმა ამათგან“, – თქვა მან.

მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პლენუმის დღევანდელი სხდომა ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო. „ინფორმაცია, პლენუმის სხდომის თარიღისა და დროის შესახებ, განთავსდება მოგვიანებით“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით გამწესებული 9 მოსამართლისაგან შედგება, მათგან სამს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ნიშნავს. კანდიდატს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებს. გადაწყვეტილების მისაღებად დამსწრეთა 2/3-ია საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წლის დეკემბერში მოსამართლე მაია კოპალეიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button