ახალი ამბები

ევროპარლამენტარები საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან

ოთხი ევროპარლამენტარი ერთობლივი განცხადებით მიესალმებიან ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 120/30 პრინციპით ჩატარებას გულისხმობს (77/73-ის ნაცვლად).

განცხადებას ხელს აწერენ: დევიდ მაკალისტერი – ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (EPP, გერმანია), მარინა კალიურანდი – ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთნ ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე (სოციალ-დემოკრატები, ესტონეთი), სვენ მიკსერი – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ (სოციალ-დემოკრატები, ესტონეთი) და ვიოლა ვონ კრამონ ტაუბადელი – ევროპარლამენტის წამყვანი წევრი საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერ საქმიანობაში (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, გერმანია).

10 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, ევროპარლამენტარები შეთანხმებას ქართული პოლიტიკური ცხოვრების „გარდამტეხ მომენტად“ აფასებენ და პოლიტიკურ პარტიებს „დროდადრო რთულად მისაღწევი“ პოლიტიკური დიალოგის მიუხედავად, „პირველ ადგილზე ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დაყენებას“ ულოცავენ. ევროპარლამენტარები უცხოელ დიპლომატებს პროცესში გაწეული ფასილიტაციისა და „მნიშვნელოვანი მედიაციისთვის“ მადლობას უხდიან და ამ კონტექსტში, განსაკუთრებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის როლს გამოყოფენ.

ევროპარლამენტარები მიესალმებიან შეთანხმების ხელმომწერების მზაობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და ნებისმიერი ისეთი ქმედების თავიდან ასაცილებლად, რაც, შესაძლოა, „საარჩევნო და სასამართლო სისტემის არასათანადო პოლიტიზების მცდელობად აღქმულიყო“. განცხადებაში მათ ასევე აღნიშნეს სასამართლო სისტემისადმი ნდობის ზრდის მნიშვნელობა და მოუწოდეს [მხარეებს] თავიდან აირიდონ ისეთი დანიშვნა „წამყვან პოზიციებზე“, რაც ამ პროცესს შეაფერხებს.

ერთობლივ განცხადებაში ევროპარლამენტარები პარტიებს შეთანხმების სრულად შესრულების, პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისა და მოახლოებული აჩვევნების ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება საქართველოში შემდგომი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ პლურალისტურ და დაბალანსებულ მედიას საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი აკისრია.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button