skip to content
ახალი ამბები

ზალკალიანმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სოხუმის და ცხინვალის შესახებ ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 24 თებერვალს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში ზალკალიანმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები „ყოველდღიურად ირღვევა“.

„ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, თვითნებური დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლების ხელყოფის, ჯანმრთელობის უფლების დარღვევის, ორივე ქართულ რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის ფონზე, ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი სიცოცხლის მინიმალური გარანტიებიც ჩამორთმეული აქვს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

შემდეგ მან აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში საქართველოში წარმოებული და ქართულად მარკირებული მედიკამენტების ამოღებისა და გაყიდვის აკრძალვის დაწყების შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება „წარმოადგენს ჯანმრთელობის უფლებაზე მიტანილ შემდგომ იერიშს და საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს“.

თავის გამოსვლაში მინისტრმა საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური წინაღობების აღმართვის შედეგად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, ადგილზე ჰუმანიტარულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს და ფატალური შემთხვევებითაც კი სრულდება.

ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის „სახიფათო ტენდენციაზეც“ ისაუბრა და ირაკლი კვარაცხელიას მაგალითი მოიყვანა, რომელიც 2019 წლის მარტში აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მან იქვე დასძინა, რომ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებში დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი რჩებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს დაუსჯელობის განცდას აღვივებს და ადგილზე ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობას აქეზებს. მან გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, როგორც „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამრღვევი პირებისათვის შემზღუდველი ზომების დაკისრების გზით, სიტუაციის შემდგომი გაუარესებისაგან თავის აცილების პრევენციულ ნაბიჯს“.

„ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის“ შესახებ საუბრისას, ზალკალიანმა განაცხადა, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილების არარსებობა ვერ იქნება და არ უნდა ქმნიდეს დაბრკოლებას იმ ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, რომლებიც მოკლებულნი არიან მინიმალურ უსაფრთხოების ზომებს დევნის საშიშროების პირობებში“.

თავის გამოსვლაში, საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაზეც ისაუბრა, რაც მისივე შეფასებით, „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის კიდევ ერთ განზომილებას წარმოადგენს, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიული განვითარებას“.

ამის შემდეგ, მან რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს და საქართველოში დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები შეწყვიტოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button